ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ეგვიპტეში ისრაელ-"ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაზე სამუშაოდ ჩავიდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ეგვიპტეშია. ბლინკენის ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ღაზის სექტორის შესახებ მოლაპარაკებები და ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.

ბლინკენი შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელატთან.

უკვე თვეებია, რაც ამერიკის, ეგვიპტისა და კატარის ოფიციალური პირები ერთობლივი ძალებით ცდილობენ "ჰამასსა" და ისრაელს შორის შეთანხმების მიღწევას, მაგრამ მათ ძალისხმევას ამ დრომდე შედეგი არ აქვს. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ბრძოლის შეწყვეტისა და "ჰამასის" მიერ ტყვედ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე.

ამერიკას არ განუცხადებია, როდის წარადგენს განახლებულ შეთავაზებას, თუმცა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ეს მალე მოხდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: ”ვაგრძელებთ თანამშრომლობას რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ეგვიპტესთან და კატართან ამ წინადადების შინაარსთან დაკავშირებით. გვინდა დავრწმუნდეთ, ან ვცდილობთ მაინც, რომ ეს იყოს შეთავაზება, რომელიც ორივე მხარეს საბოლოო მოლაპარაკებამდე მიიყვანს".

ცეცხლის შეწყვეტის მიღება, შესაძლოა გაართულოს ბოლო ესკალაციამ. სამშაბათს, 17 სექტემბერს, ლიბანში, "ჰეზბოლას" დაჯგუფების წევრების პეიჯერები აფეთქდა. შედეგად არიან მოკლულები და დაშავებულები.

აფეთქებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომს აფართოებს, რათა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, მოსახლეობის იმ ნაწილის დაბრუნება შეძლოს, რომელთა ევაკუაციაც ისრაელ-"ჰეზბოლას" შეტაკებების გამო, აუცილებელი გახდა.

"ჰეზბოლა" "ჰამასის" მსგავსად, ირანის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციაა, ის ძირითადად, ლიბანში ოპერირებს. მათ "ჰამასსა" და ისრაელს შორის ომის დაწყებიდან მალევე, ისრაელზე თავდასხმები დაიწყეს. თუმცა "ჰეზბოლას" ლიიდერები ამბობენ, რომ თუ მხარეები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ ისინიც შეწყვეტენ ისრაელზე თავდასხმას.

XS
SM
MD
LG