ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება - ბორელი


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მედიასთან შეხვედრაზე. ბრიუსელი, ბელგია. 29 აგვისტო, 2024 წ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მედიასთან შეხვედრაზე. ბრიუსელი, ბელგია. 29 აგვისტო, 2024 წ.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

ბორელის თქმით, შეხვედრაზე საკითხს მოკლედ შეეხნენ. "ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება“, - თქვა ბორელმა.

მაისში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი, ოფიციალური სახელით: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". მის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მისი მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი შეუწყვიტა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.

მანამდე, 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ივლისის დასაწყისში კი ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია.

"ქართული ოცნების" პასუხი

ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მას არ ესმის, რატომ იმუქრება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი და რატომ ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირს სცილდება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორელზე “კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ემოციები არ უნდა გადადიოდეს” და მან საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებით უნდა იხელმძღვანელოს.

"ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, ვინაიდან არასწორ ინფორმაციას აწვდის ევროპულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას. რითი ვცილდებით [ევროპას]? - არცერთი რეიტინგი არ არსებობს, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, პოლიტიკური და სხვა თავისუფლებებით, ეკონომიკური ასპექტებით, მართლმსაჯულების სისტემით დამთავრებული, რომელიც არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მდგომარეობა გაცილებით უფრო უკეთესი და მყარია, ვიდრე ყველა კანდიდატ ქვეყანაში. უფრო მეტიც - აჭარბებს კიდეც იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ევროკავშირის რიგ ქვეყნებს აქვს. ბორელი ამით უნდა ხელმძღვანელობდეს და არა იმ ემოციით, რომელიც მას შეიძლება გაუჩნდეს რადიკალური ოპოზიციის მრავალრიცხოვანი სახელებისგან შემდგარი პეტიციის შინაარსიდან", - აღნიშნავს ვოლსკი.

მისი თქმით, "კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მისი ემოციები არ უნდა გადადიოდეს ბატონი ბორელის ემოციაზე. გადახედოს რეიტინგებს და აქედან გამოიტანოს დასკვნა, სცილდება თუ არა იმ პრინციპებს, რაც დემოკრატიულ სამყაროს აქვს. არ არის ეს სწორი განცხადება - “ვიმსჯელებთ საპასუხო ქმედებაზე”. რისთვის? რომ ეს პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანა თავს იცავს რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, - განაცხადა ვოლსკიმ 30 აგვისტოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG