ოთხშაბათს, 21 აგვისტოს, უკრაინა მოსკოვს დრონებით თავს დაესხა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასტაბიანი ომი წამოიწყო, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული ყველაზე დიდი იერიში იყო.
ომი, რომელიც მეტწილად არტილერიისა და დრონების ჩართულობით გრძელდება, უკრაინის აღმოსავლეთით, მინდვრებში, ტყეებსა და სოფლებში მიმდინარეობს. თუმცა, ვითარება შეიცვალა 6 აგვისტოს, როცა ბრძოლის ველზე მოცემულობა გამწვავდა. კიევმა ათასობით ჯარისკაცი რუსეთის დასავლეთში, კურსკის რეგიონში გააგზავნა და რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის მიერ გაშვებული 45 დრონი გაანადგურეს, მათ შორის - 11 მოსკოვის ოლქის თავზე, 23 ბრიანსკის საზღვარზე, ექვსი ბელგოროდის რეგიონში და ორი კურსკის რეგიონში.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონების ნაწილი ქალაქ პოდოლსკის თავზე განადგურდა. ქალაქი მოსკოვის რეგიონში მდებარეობს და კრემლის სამხრეთით, დაახლოებით 38 კილომეტრშია.
„ეს არის, მოსკოვზე დრონების გამოყენებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა", - თქვა მან. "თავდაცვამ შესაძლებელი გახადა მტრის დრონების ყველა თავდასხმის წარმატებით მოგერიება“, - დაწერა სობიანინმა „ტელეგრამზე“, ოთხშაბათს დილით.
ამ ფონზე, უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ძალებმა, რუსეთის სამხრეთში, როსტოვის რეგიონში, S-300 ტიპის საზენტო სარაკეტო სისტემას დაარტყეს. კიევის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა ნოვოშახტინსკის დასახლების მიდამოში და რომ მანამდე, S-300 კომპლექსები, რუსულმა ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენა.
"აფეთქებები დაფიქსირდა მითითებულ სამიზნე პუნქტებზე. დარტყმის სიზუსტე ფასდება", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
როსტოვის გუბერნატორმა, ვასილ გოლუბევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მის რეგიონზე უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურა. მაგრამ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ყოველდღიური განცხადებაში, განადგურებული იარაღის შესახებ არ უსაუბრია.