უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში თავის სამხედრო მიზნებს აღწევს. მოსკოვმა კი ორშაბათს დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკვე მესამე ხიდი დააზიანეს. მანამდე, უკრაინელებმა რუსული ძალების მომარაგებისთვის გამოყენებულ ორ ხიდზე მიიტანეს იერიში.
კიევის მტკიცებით, უკრაინის ძალებმა, 80-მდე დასახლებაზე კონტროლის მოპოვება შეძლო და კურსკში ახლა 1 150 კვ. კმ-ს აკონტროლებს. რუსეთის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური შეჭრაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ 6 აგვისტოს დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნის მოსაზღვრე კურსკის რეგიონზე თავდასხმის მიზანი ერთგვარი "ბუფერული ზონის" შექმნაა, რამაც რუსეთის "ომის მანქანაც" უნდა დააზიანოს.
"ჩვენ ჩვენს მიზნებს ვაღწევთ", - დაწერა მან "ტელეგრამზე" და იმაზეც მიუთითა, რომ უფრო და უფრო მეტი რუსი სამხედროა დაპატიმრებული. "ამ დილით, ჩვენი სახელმწიფოსთვის გაცვლის არსენალი შეივსო", - თქვა მან. ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლა არაერთხელ მოხდა.
კიევის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურმა კვირას თქვა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში განადგურებული ორი ხიდით, მოწინააღმდეგის ლოგისტიკური ჯაჭვი დააზიანეს. რუსეთმა კი, ორშაბათს, მესამე - სეიმის მდინარეზე არსებული ხიდის დაზიანებაც დაადასტურა. უკრაინა ამ მესამე იერიშზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს, ჟურნალისტებს კი ვითარების დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ აქვთ.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ხიდები რუსეთის ჯარისთვის ტერიტორიის დასაცავად მომარაგების მნიშვნელოვანი გზის ნაწილი იყო.
კვირა საღამოს ვიდეომიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ძალები მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ცდილობს. მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსულ სახელმწიფოს, მის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს და მის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ეხმარება უკრაინას ომის გაფართოების თავიდან აცილებაში.
ორშაბათს, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა ოლექსანდრ პავლიუკმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ შეიარაღებული ძალები "წარმატებით ასრულებს ამოცანებს" კურსკის რეგიონში და ტყვედ უფრო მეტი რუსი სამხედროა ჩავარდნილი, რომლებსაც უკრაინელ მებრძოლებში გაცვლიან.
პარალელურად, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ პოკროვსკს უტევს, სადაც ბოლო კვირებში სტაბილურად მიიწევს წინ. ქალაქი, რომელშიც ომამდე 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დონბასის რეგიონში უკრაინელი სამხედროებისთვის მომარაგების მნიშვნელოვანი ცენტრია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერჰი დობრიაკის ცნობით, რუსი სამხედროები ქალაქის მისადგომებთან 10 კმ-ის დაშორებით არიან. მისი თქმით, ქალაქს ყოველდღიურად, დაახლოებით, 600 ადამიანი ტოვებს.