ისრაელი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ითხოვს, რადგან ამბობსს, რომ ღაზის ამ ნაწილზე იერიშის მიტანას აპირებს. მიზეზი ისრაელის განმარტებით, „ჰამასის“ მებრძოლების სარაკეტო იერიშებია, რომელიც ბეიტ ჰანუნიდან და ბეიტ ლაჰიიდან ისრაელზე განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიან პალესტინელებს ევაკუაციის გეგმა შესთავაზეს.
„ჰამასი" და ტერორისტული ორგანიზაციები თქვენი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოსკენ უშვებენ რაკეტებს. ისრაელის თავდაცვის ძალები იმოქმედებს მტკიცედ და დაუყონებლივ მათ წინააღმდეგ. სასწრაფოდ დატოვეთ ეს ტერიტორია თქვენი უსაფრთხოებისთვის და იპოვეთ თავშესაფარი ღაზის ცენტრალურ ნაწილში“, - წერია განცხადებაში რომელიც ისრაელმა მშვიდობიანი პალესტინელებისთვის გაავრცელა.
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი თითქმის სრულად არის განადგურებული მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის პირველ ეტაპზე სწორედ ამ ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.
ომის მეორე ეტაპი ღაზის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, ომის დროს ღაზის სექტორში ათიათასობით პალესტინელი დაიღუპა. "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათი რიცხვი 40 000-ს აღწევს.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც „ჰამასის“ მებრძოლები 2023 წლის 7 ოქტომბერს თავს დაესხნენ ისრაელს, მოკლეს 1200 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები და დაახლოებით 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელზე ბევრი სახელმწიფო ტერორიზმად მიიჩნევს. ისრაელმა კი „ჰამასის“ განადგურების და მძევლების გათავისუფლების მიზნით ღაზის სექტორში ომი დაიწყო.
ომი ღაზის სექტორში უკვე 10 თვეა გრძელდება და ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.
Facebook Forum