ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის იერიშებს ქალაქ ჯენინზე მსხვერპლი მოჰყვა


ისრაელმა ქალაქ ჯენინზე დრონებით იერიში მიიტანა. სააგენტო „როიტერი“ პალესტინელთა ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად 12 პალესტინელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე მოკლე ინფორმაცია გაავრცელეს სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ წერტილოვანი დატყმები განახორციელეს მებრძოლების წინააღმდეგ.

დრონებით იერიშის პარალელურად დასავლეთ სანაპიროზე ისრაელმა ქალაქ ჯენინთან ახლოს სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, რაც სავარაუდოდ ოპერაციის ნაწილს ასახავს.

ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ შედიან ქალაქში ისრაელის თავდაცვის ძალები, როგორ ასუფთავებენ გზებს ბულდოზერები . ვიდეოში ასახულია ის მომენტიც, როცა ისრაელის თავდაცვის ძალები სოფელ კაფრ ყუდში ერთ-ერთ სახლს ალყაში აქცევენ.

როგორც პალესტინელთა სამედიცინო ჯგუგები განმარტავენ, სროლას სოფელ კაფრ ყუდში, რომელიც ქალაქ ჯენინთან ახლოს მდებარეობს სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი კი დაიჭრა.

დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის, უცნობია ისიც თუ მებრძოლთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ისინი.

ისრაელის ცნობით, პალესტინელთა თავდასხმების შედეგად დასავლეთ სანაპიროზე 13 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. სამშაბათს, პალესინელთა თავდასხმის დროს იერუსალიმის გარეუბანში მესაზღვრე ქალი დაიჭრა, თავდამსხმელი მოკლულია.

XS
SM
MD
LG