ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისის კამპანია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ეძებს


ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის და დემოკრატების მიერ კამალა ჰარისის მხარდაჭერის შემდეგ, მთავარი კითხვა ახლა ისაა, ვის აირჩევს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად?

ბიულეტენზე რიგით მეორე დემოკრატის შესარჩევად პროცესი უკვე დაწყებულია. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ საქმეს ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი და მისი კერძო ფირმა ხელმძღვანელობს. ისინი შესაძლო კანდიდატების წარსულს იკვლევენ იმისთვის, რომ შესაძლო კომპრომატების არსებობა გამორიცხონ.

"უოლ სტრიტ ჯორნალის" თანახმად, ჰარისის კამპანიის ხელმძღვანელებმა 5 გუბერნატორის და ერთი სენატორის შესამოწმებლად საჭირო მასალები მოითხოვეს. კანდიდატებს შორის არიან:

როი კუპერი - ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორი;

ჯოშ შაპირო - პენსილვანიის გუბერნატორი;

გრეტჰენ უიტმერი - მიჩიგანის გუბერნატორი;

ტიმ უალცი - მინესოტის გუბერნატორი;

ჯეი ბი პრიცკერი - ილიონოისის გუბერნატორი;

მარკ კელი - არიზონის სენატორი.

"ბრუკინგსის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი, უილიამ გალსტონი ამბობს, რომ ისინი, ვინც ამ შემოწმებას წარმატებით გაივლიან, სავარაუდოდ ჰარისს პირისპირ შეხვდებიან და შემდეგ არჩევანსაც სწორედ ის გააკეთებს. სავარაუდოდ, ყრილობის წინა კვირაში.

"დაჩქარებული პროცესის საფრთხე სწორედ ისაა, რომ რაღაც ზედაპირულად მოხდება, შეცდომები იქნება დაშვებული, რასაც უფრო თავისუფალი პროცესი გამორიცხავდა. მაგრამ მან [ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი] უნდა აირჩიოს, ეს სწრაფად და სწორად უნდა გააკეთოს", - ამბობს გალსტონი.

ბიულეტენის "დაბალანსების" ძალისხმევა

მაშინ, როდესაც ჰარისი თავადაა შავკანიანი და აზიელი ამერიკელების შთამომავალი, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ის ვიცე-პრეზიდენტად უფრო ტრადიციულ კანდიდატს აირჩევს - თეთრკანიან მამაკაცს. ასეთი აზრი აქვს ჯოელ გოლდსტეინსაც, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტების ისტორიის მკვლევარს და სენტ ლუისის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორს.

კიდევ ერთი ფაქტორია გეოგრაფიული ბალანსი. ჰარისი კალიფორნიელია, ეს მყარად დემოკრატიული შტატია, შესაბამისად, მას დიდი ალბათობით ისეთი კანდიდატი დასჭირდება, ვინც მის პოზიციებს რომელიმე მნიშვნელოვან მერყევ შტატში გააძლიერებს. ასეთი კი ბევრია, მათ შორის პენსილვანია, მიჩიგანი და ჯორჯია.

"შუა-დასავლეთის შტატების ან სამხრეთისაც კი, შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს. ამბობს დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის დელეგატი კალიფორნიიდან ჯეი ჩენი.

"ენდი ბეშერი, კენტუკის გუბერნატორი, ჩემი აზრით, კარგი კანდიდატი იქნებოდა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ბიულეტენი დაბალანსებული იქნება, რადგან კალიფორნიელი კანდიდატი უკვე გვყავს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ შუა-დასავლეთ შტატების და აღმოსავლეთ სანაპიროს სამხრეთით ხალხმა იცის, რომ ისინი ამ ადმინისტრაციის მხრიდან იგნორირებულნი არ იქნებიან და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიულეტენი დავაბალანსოთ", - ამბობს ჩენი.

გოლდსტეინი ამბობს, ისტორიულად, ბიულეტენს ყველაზე ხშირად სწორედ გეოგრაფიული ნიშნით აბალანსებენ. თუმცა ბოლო პერიოდში შესაძლოა სხვა ფაქტორები უფრო მეტად გასათვალისწინებელი იყოს.

პენსილვანიისა და მიჩიგანის გუბერნატორებმა ჰარისს მხარი მალევე დაუჭირეს. ამან გააქარწყლა ის ეჭვები, რომ მათ შეეძლოთ ვიცე-პრეზიდენტისთვის კონკურენცია გაეწიათ. შესაბამისად, ისინი ახლა ჰარისის შესაძლო მოკავშირეებად განიხილებიან.

პენსილვანიაში გამარჯვება ორივე პარტიისთვის ლამის გადამწყვეტია. შტატს საარჩევნო კოლეგიაში 19 ხმა აქვს - 2024 წელს საყურადღებო მერყევი შტატებიდან ყველაზე მეტი. გამარჯვებისთვის კანდიდატს კოლეგიის 270 წევრის ხმა სჭირდება.

თუმცა CNN-ის უფროსი კორესპონდენტი ჯონ კინგი ამბობს, რომ შაპიროს შერჩევა გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგან ის ებრაელია და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მტკიცედ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია აქვს, ჰარისისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არაბი ამერიკელების ხმები, განსაკუთრებით კი მიჩიგანის შტატში, სადაც არაბი ამერიკელები თეთრ სახლს მწვავედ აკრიტიკებენ ისრაელის მხარდაჭერის გამო.

თეთრ სახლში ებრაელი პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი ჯერ არ ყოფილა. კამალა ჰარისის მეუღლე დაგლას ემჰოფი ებრაელია. ამერიკის მოსახლეობაში მხოლოდ 3%-ია ებრაელი, თუმცა ებრაული წარმოშობის მოქალაქეები დიდ როლს ასრულებენ აკადემიურ, ბიზნეს თუ კულტურულ წრეებში, ამერიკის კონგრესში. ებრაელია კიდევ ერთი კანდიდატი - ჯეი ბი პრიცკერი - ილიონოისის გუბერნატორი. სასტუმრო "ჰაიატის" ქსელის მფლობელების მემკვიდრე მილიარდერი. ილინოისი ტრადიციულად "ლურჯი შტატია" - იქ მეტწილად დემოკრატები იმარჯვებენ და პარტიისთვის საარჩევნო კოლეგიის 19 ხმა მოაქვთ. ფრიცკერმა MSNBC-ისთან ინტერვიუში უარყო, რომ ჰარისის კამპანიას მის შესამოწმებლად მასალები გადასცა, ვიცე-პრეზიდენტობით ინტერესის თაობაზე დასმულ კითხვას კი პირდაპირ არ უპასუხა.

ბევრს ასევე ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ბიულეტენზე მეორე ნომერიც ქალი იყოს. უიტმერი, მიჩიგანის გუბერნატორი ამბობს, რომ "არსად წასვლას არ აპირებს და მიჩიგანს არ ტოვებს".

რესპუბლიკურ პარტიას ქალი ნომინანტი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ - ალასკის გუბერნატორი ჯონ მაკკეინის 2008 წლის კამპანიისას. ამ წელს ამერიკამ პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აირჩია.

პრეზიდენტობის კანდიდატად კი ქალი მხოლოდ დემოკრატებს ჰყავდათ დასახელებული - ჰილარი კლინტონი 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორი როი კუპერი კი 2016 და 2020 წლებში აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ორივეჯერ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ის გუბერნატორად კიდევ 4 წლის ვადით ვერ დარჩება. ჟურნალისტებს ის მისი კანდიდატურის განხილვისთვის მადლობას უხდის, თუმცა ამბობს, რომ ყურადღების ცენტრში ახლა კამალა ჰარისი უნდა იყოს.

განიხილება კენტუკის გუბერნატორიც - ენდი ბეშერი - შტატს საარჩევნო კოლეგიაში 8 ხმა აქვს. ბოლო წლებში იქ გამუდმებით რესპუბლიკელებს უჭერდნენ მხარს, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს კენტუკიში 1996 წლის - ბილ კლინტონის შემდეგ არ გაუმარჯვია.

ზოგიერთი ანალიტიკოსი კი ამბობს, რომ შესაძლოა მეორე ნომრად გუბერნატორის არჩევას - სენატორ მარკ კელის კანდიდატურა სჯობდეს. ის არიზონის - მერყევი შტატის წარმომადგენელია სენატში. მისი მეუღლეც ყოფილი კონგრესმენია, რომელიც 2012 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც მკვლელობის მცდელობის შემდეგ ტვინის დაზიანება მიიღო.

არა პოლიტიკოსი, არამედ თადარიგის გენერალი ზოგი ანალიტიკოსის აზრით, კამალა ჰარისისთვის შესაძლოა კარგი ვარიანტი იყოს და მას ოდნავ უფრო კონსერტვაიულად განწყობილი ამომრჩევლის მოზიდვაში დაეხმაროს. თუმცა, სამართლის პროფესორი გოლდსტეინი ამბობს, რომ 1940 წლის შემდეგ, ამა თუ იმ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ პირველი ვადისას დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ან სენატორი იყო, ან კონგრესმენი, ან გუბერნატორი, ან მაღალჩინოსანი. მისი აზრით, გასაკვირი იქნება, თუ ჰარისი სამხედრო წარსულის მქონე კანდიდატს შეარჩევს.

XS
SM
MD
LG