ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარკ რუტე, პუტინის კრიტიკოსი და "შეთანხმებათა ოსტატი", ნატოს გენერალურ მდივნად დაამტკიცეს


მარკ რუტე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი
მარკ რუტე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი

ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე გახდა. ის უკრაინის ერთგული მოკავშირეა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკაცრი კრიტიკითაც გამოირჩევა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის თითქმის 14 წლის განმავლობაში, რუტეს ახასიათებენ, როგორც "პოლიტიკურ შეთანხმებათა დიდოსტატს".

ნატოს ელჩებმა რუტე 26 ივნისს, ბრიუსელში, 32 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს. გენერალური მდივნის პოსტზე, ის იენს სტოლტენბერგს ჩაანაცვლებს, რომელმაც ნატოს თითქმის 10 წელი უხელმძღვანელა. რუტე ოქტომბრიდან სათავეში ჩაუდგება მსოფლიოს უსაფრთხოების უდიდეს ორგანიზაციასა და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო ალიანსს.

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის ამბავი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00

მას შემდეგ, რაც 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეზობელ, სუვერენულ უკრაინას და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი კონფლიქტი წამოიწყო, რუტე უკრაინისადმი ევროპის სამხედრო მხარდაჭერის ავანგარდში დადგა და ევროპული დახმარების ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალა გახდა. ნიდერლანდების პრემიერი დღემდე გამუდმებით აცხადებს, რომ მოსკოვის ბრძოლის ველზე დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის კონტინენტზე მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მის ხედვაზე დიდი გავლენა იქონია უკრაინის თავზე 2014 წელს, საბრძოლო იარაღით ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავის MH17 ამბავმა, რაშიც ნიდერლანდები რუსეთს ადანაშაულებს. მაშინ ბორტზე მყოფი უკლებლივ ყველა ადამიანი დაიღუპა და 298 მსხვერპლიდან 198 ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

"ნატო უძლეველი უნდა იყოს, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. არც ევროპის კავშირის დანარჩენი ლიდერები უნდა დარჩნენ გულუბრყვილონი, როცა საქმე პუტინის რუსეთს ეხება", - ამბობს რუტე.

"ის არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ ჩვენ მას ახლა არ შევაჩერებთ. ეს ომი გაცილებით მეტია, ვიდრე - თავად უკრაინა. ეს ეხება საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვას", - განაცხადა რუტემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ომის დაწყების პირველივე წელს, 2022 წლის სექტემბერში.

რუტეს მმართველობის ქვეშ, ნიდერლანდებმა თავდაცვის საბიუჯეტო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისადმი ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მან უკრაინას სამხედრო დახმარების სახით მიაწოდა "ეფ"-16 საბრძოლო თვითმფრინავები, არტილერია, დრონები, თუ სხვა აღჭურვილობა და ასევე დიდი ინვესტიციები ჩადო საკუთარი ქვეყნის სამხედრო არსენალის გამდიდრებასა და განვითარებაში.

"მარკი ნამდვილი ტრანსატლანტიკოსია, ძლიერი ლიდერი და კონსენსუსის მიმღწევი", - განაცხადა რუტეს შესახებ იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ "ნატო კარგ ხელში რჩება".

სტოლტენბერგმა ნატოს მმართველობა 2014 წელს გადაიბარა, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და შემდეგ ყირიმის ანექსია მოახდინა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ნატოს ოთხი ახალი წევრი შეემატა: მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ფინეთი და შვედეთი. ალიანსის კარი ახალი წევრების მისაღებად, კვლავ ღია რჩება.

„ნატო 75 წლის წინ დაარსდა და ვფიქრობ, აგრესიისგან დაცვისა და შეკავების მიზნით, ჩვენი ერთად დგომის ისტორიული გაკვეთილები შედეგიანი გამოდგა. თქვენი მეთაურობით, ჩვენ ნატო გაცილებით დიდი, ძლიერი და ერთიანი გავხადეთ, ვიდრე ის როდესმე ყოფილა... ჩვენ ერთად შევაჩერეთ რუსეთის შემდგომი აგრესია ევროპაში... ალიანსში ერთად მივესალმეთ ფინეთსა და შვედეთს და გავაძლიერეთ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგი, რითიც ცხადად განვაცხადეთ, რომ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ“, - უთხრა სტოლტენბერგს ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სამიტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG