ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი ოპონენტებს მოუწოდებს, ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საარჩევნო პაქტს შეუერთდნენ


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს, 12 ივნისს, მოუწოდა მეტოქე პარტიებს, პოლიტიკური ცენტრის ორივე მხარეს, შეუერთდნენ მას დემოკრატიული ალიანსის ჩამოყალიბებაში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის (RN) წინააღმდეგ მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.

”მე არ მსურს 2027 წელს რადიკალ მემარჯვენეებს ძალაუფლების გასაღები მივცე, ამიტომ სრულად მესმის ახსნა-განმარტებისკენ მოწოდება,” - თქვა მან და დასძინა, რომ RN-ის პოლიტიკა მუშებსა და პენსიონერებს საფრთხეს შეუქმნის.

მაკრონმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ემიგრაციის მოწინააღმდეგ ლე პენის პარტიამ, კვირას, მისი პარტია, “რენესანსი” ევროპარლამენტის არჩევნებში დაამარცხა.

მაშინაც კი, თუ RN უმრავლესობას მოიპოვებს 30 ივნისსა და 7 ივლისს დაგეგმილ კენჭისყრაში, მაკრონი პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ სამი წლის განმავლობაში დარჩება და კვლავ პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკაზე. მაგრამ ის დაკარგავს კონტროლს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, იმიგრაციასა და ფინანსებზე.

მაკრონმა თავის ოპონენტებს მოუწოდა შეუერთდნენ მას რადიკალი მემარჯვენეების წინააღმდეგ. მან პირობა დადო, რომ უფრო მტკიცე პოლიტიკას გაატარებს საიმიგრაციო კუთხით. მისი თქმით, უკიდურესი მემარჯვენეების ნაბიჯები არ გადაჭრის პრობლემებს.

მაკრონმა ასევე დაგმო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ვაჭრობა და თქვა, ზოგიერთ პარტიას "ნიღაბი ჩამოშორდა”.

რესპუბლიკელთა პარტიის ხელმძღვანელმა ერიკ ჩიოტიმ, რომელმაც მოუწოდა მისი პარტიისა და RN-ს შორის ალიანსისკენ, მაკრონის თქმით, დადო "გარიგება ეშმაკთან".

იმიგრაციის მოწინაღმდეგე, ევროსკეპტიკოსი RN სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნებში, ყველაზე ძლიერი ძალა იქნება. მაგრამ, კვირას ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მათ შეიძლება ვერ მოიპოვონ აბსოლუტური უმრავლესობა.

ჩიოტის მოწოდება საფრანგეთის მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ კონსენსუსს არღვევს, რაც ულტრა მემარჯვენეების ძალაუფლებისგან დაბლოკვას ითვალისწინებდა. ამ განცხადებამ რესპუბლიკელების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

პარტიის ხელმძღვანელებმა ოთხშაბათს საგანგებო შეხვედრა მოიწვიეს. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, ჩიოტის დრო წავიდა.

"ის აღარ იქნება რესპუბლიკელების პრეზიდენტი", - განუცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ანეს ევრენმა BFM TV-ს. “[მას] ლეგიტიმაცია არ აქვს“, - თქვა მან.

ედუარდ ფილიპმა, მაკრონის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა პოტენციურმა მემკვიდრემ მიუთითა პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ უკმაყოფილებაზე და თქვა, რომ არ იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს მაკრონს კამპანიაში.

”მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის სრულიად ჯანსაღია საკანონმდებლო კამპანიის წარმართვა”, - თქვა მან BFM TV-ზე სამშაბათს ღამით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG