ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან განცხადება ამის შესახებ 9 ივნისს გააკეთა. ულტრა მემარჯვენე კოალიციაში, განცი ერთადერთი ცენტრისტი წევრი იყო . ბენი განცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "სინანულით გაცნობებთ, რომ ოფიციალურად გადავდექი მთავრობიდან“.
განცმა თქვა, რომ ნეთანიაჰუ, რომელიც მისი თქმით, ხელს უშლის ისრაელს „ნამდვილი გამარჯვებისკენ სვლაში“, გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე იღებს.
მან მოუწოდა ნეთანიაჰუს ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს „რაც შეიძლება მალე" და ასევე მოუწოდა თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, თანამდებობიდან გადადგეს. მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებულ ტყვეთა გაცვლის წინადადებას და მოსთხოვა ნეთანიაჰუს, ამ შეთანხმების მისაღწევად გაბედული იყოს.
კოალიციიდან განცის ცენტრისტული პარტიის წასვლა მთავრობას დაუყოვნებელ საფრთხეს არ შეუქმნის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ნეთანიაჰუს პოზიციებზე.
გასულ თვეში განცმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ დროს აძლევდა 8 ივნისადმე, რათა ღაზის ახალი სტრატეგია შეემუშავებინა. ნეთანიაჰუმ განცის მოწოდებას ყურადღება არ მიაქცია. 9 ივნისს კი, მინისტრმა გადადგომის შესახებ გაავცელა ინფორმაცია.
განცის გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ ახლა "ბრძოლის მიტოვების დრო არაა".
განცის წასვლის შემდეგ, ნეთანიაჰუ დაკარგავს ცენტრისტული ბლოკის მხარდაჭერას, რომელმაც ხელი შეუწყო მთავრობის მხარდაჭერის გაფართოებას ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ იმის ფონზე, რომ ღაზაში ომის შემდეგ, მთავრობაზე დიპლომატიური და შიდა ზეწოლა გაიზარდა.