6 ივნისს, საფრანგეთში მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც დამსწრეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ძალების გადასხმის (D-Day) 80 წლის იუბილეზე, მან დასავლეთის ძალებს ასევე მოუწოდა, დარჩნენ უკრაინის გვერდით და არ დანებდნენ რუსეთის ტირანიას.
ნორმანდიის ამერიკელ ჯარისკაცთა სასაფლაოზე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ამერიკელ ვეტერანებთან ერთად გამართულ ცერემონიაზე, ბაიდენმა თქვა, რომ მისთვის „უბრალოდ წარმოუდგენელია“ რუსეთის აგრესიისადმი დანებება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იქვე კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინას მხარდაჭერას არ შეუწყვეტს.
ბაიდენმა დასავლეთსა და ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, დაიბრუნონ "დი-დეის" სულისკვეთება და ერთად იმუშაონ იმ დროს, როდესაც მისი თქმით, დემოკრატიას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. „იზოლაციონიზმი არ იყო პასუხი 80 წლის წინ და არ არის პასუხი დღეს“, - თქვა ბაიდენმა თავის გამოსვლაში.
ნორმანდიაში გამართულ ცერემონიებს 200-მდე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ესწრებოდა. მათი უმეტესობა ამერიკელი ან ბრიტანელი იყო. 80 წლის წინ, საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის სანაპიროებთან ათასობით მეომარი დაიღუპა, ისინი უმეტესად ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან იყვნენ.
1944 წლის 6 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარებმა ერთიანი ძალებით შეუტიეს საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის სანაპიროებს, რომელსაც ნაცისტური გერმანია აკონტროლებდა. 150 ათასზე მეტი ჯარისკაცის გადასხმა 80 კილომეტრის ზოლზე მოხდა. მათ ზურგს 5 ათასი გემი და 13 ათასი თვითმფრინავი უმაგრებდა.
ნორმანდიაში გადასხმა სამხედრო ისტორიაში დღემდე ყველაზე მასშტაბურ ოპერაციად ითვლება. მოკავშირეთა უზენაესმა მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ოპერაციას ჯვაროსანთა ლაშქრობა უწოდა და თქვა, რომ შედეგად სხვა არაფერს მიიღებდა, „გარდა სრული გამარჯვებისა“. ამ ოპერაციამ ნაცისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში უზარმაზარი გარდატეხა შეიტანა და ისტორიაში "დი-დეის" (D-Day) სახელით შევიდა.
Facebook Forum