ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე პატივი მიაგო


არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, ორშაბათს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. ბაიდენი სასაფლაოზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.

ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო.

„ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა ადგილზე, რათა გავიხსენოთ, პატივი მივაგოთ ასობით ათასი ქალისა და მამაკაცის მსხვერპლს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ამ ერისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა სასაფლაოზე ყოფნისას.

დღეს, სასაფლაოზე გამართულ ღონისძიებამდე, ბაიდენმა თეთრ სახლში, საუზმეზე უმასპინძლა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სამხედრო ხელმძღვანელობას, ვეტერანებსა და ე.წ. ოქროს ვარსკვლავის ოჯახის წევრებს.

ხსოვნის დღის ცერემონიაზე, ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მოქმედ და გადამდგარ სამხედრო პერსონალზე. პრეზიდენტმა მათი ღვაწლის შესახებ შაბათს, ამერიკის სამხედრო აკადემიაში, "უესტ პოინტში" ყოფნის დროსაც ისაუბრა.

მომავალ კვირას, პრეზიდენტი ნორმანდიაში, საფრანგეთში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს ოპერაცია "ნეპტუნის" 80 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალში. მოსალოდნელია, რომ მისი გამოსვლის მთავარი თემა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა ძალების გმირობისა და დღეს, დემოკრატიის წინაშე არსებული მუდმივი საფრთხეების შესახებ იქნება.

ბაიდენი თავადაც სამხედრო პერსონალის ოჯახის წევრია. მისი შვილი, ბო ბაიდენი ერაყში, დელავერის ეროვნული გვარდიის ეგიდით მსახურობდა. ხუთშაბათს, ბაიდენის ვაჟის, ბოს გარდაცვალების მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ. ბო გლიობლასტომისგან, ტვინის კიბოს უაღრესად აგრესიული ფორმისგან გარდაიცვალა. პრეზიდენტი თვლის, რომ შესაძლოა, მისი ვაჟის, ბოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, სწორედ ერაყში სამხედრო დამწვრობის მიღების შედეგი ყოფილიყო.

XS
SM
MD
LG