ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო


ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის პროცესი იარაღის ბრალდებასთან დაკავშირებით სამშაბათს, 4 ივნისს დაიწყო.

დერეკ ჰაინსმა, იუსტიციის დეპარტამენტის იურსიტმა, ნაფიც მსაჯულებთან საუბარი 2018 წლის ოქტომბრის მოვლენების შესახებ დაიწყო, როდესაც ჰანტერ ბაიდენმა იარაღი შეიძინა, მაგრამ, სავარაუდოდ, იცრუა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რაც იარაღის შეძენისას, შემაფერხებელი გარემოებაა.

ჰანტერ ბაიდენი იარაღთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დელავერის შტატში სასამართლო მოსმენაზე თავად გამოცხადდა. ის სასამართლოში მივიდა იქამდე, ვიდრე სასამართლოში შესავალ განცხადებები გაკეთდა. ბაიდენის წინააღმდეგ სასამართლოზე უნდა მოხდეს ნარკოტიკების გამოყენების შესახებ მისი ავტობიოგრაფიიდან პოტენციურად სენსაციური ჩვენების მიცემა და სატელეფონო შეტყობინებების წარდგენაც. ჰანტერ ბაიდენი სასამართლოში იქამდე მივიდა, ვიდრე ამ ყველაფრის ჩვენება მოხდა.

54 წლის ჰანტერ ბაიდენს ბრალად ედება ნარკოტიკების უკანონოდ გამოყენების ფაქტის დამალვა, როდესაც მან „კოლტ კობრა“ რევოლვერი შეიძინა 2018 წლის ოქტომბერში და იარაღს 11 დღის განმავლობაში უკანონოდ ფლობდა.

მან სისხლის სამართლის სამ ბრალდებაზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ჰანტერ ბაიდენი მოქმედი პრეზიდენტის პირველი შვილია, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ.

სამშაბათს, სასამართლოს შენობაში შესვლისას ის ჟურნალისტებს არ გაესაუბრა.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო მოსმენის ყურადღების ცენტრში იქნება ჰანტერ ბაიდენის მიერ წლების განმავლობაში კოკაინის გამოყენება და მასზე დამოკიდებულება, რაზეც მან საჯაროდ ისაუბრა და რასაც 2021 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიის “Beautiful Things”-ის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო. გასულ წელს, ჰანტერ ბაიდენმა სასამართლო მოსმენაზე ფედერალურ საოლქო მოსამართლე ნორეიკას უთხრა, რომ 2019 წლიდან ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პროკურორები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჰანტერ ბაიდენმა იცოდა, რომ ცრუობდა, როდესაც იარაღის შესაძენ ფედერალურ ბლანკზე კითხვის გასწვრივ, იყო თუ არა ის კონტროლირებული ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მან პასუხად „არა“ მონიშნა.

პროკურორებმა თქვეს, რომ შესაძლოა მოწმედ მისი ყოფილი მეუღლე ქეთლინ ბულეც გამოიძახონ. 2017 წელს, განქორწინების დოკუმენტებში მან ჰანტერ ბაიდენს ბრალი დასდო, რომ ფულს ნარკიტიკებზე, ალკოჰოლზე და პროსტიტუტებზე ფლანგავდა.

ჰანტერ ბაიდენის სასამართლო, ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

ჰანტერ ბაიდენს კალიფორნიაში გადასახადების საკითხზე სხვა ბრალდებაც აქვს წარდგენილი.

თუ დელავერის საქმეზე ჰანტერ ბაიდენს ყველა ბრალი დაუმტკიცდება, მას 25 წლამდე პატიმრობა დაემუქრება, თუმცა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად - მსჯავრდებულები უფრო ხანმოკლე პატიმრობით ისჯებიან.

XS
SM
MD
LG