ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. მის წინააღმდეგ ხმა 64-მა დეპუტატმა მისცა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების პირვანდელი რედაქცია კი 83 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა და ამით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2021 წელს მომზადებული კვლევა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოფშორულ ზონებში, რომლებიც ბიზნესმენებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს - 20 კომპანიას ფლობდა. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ასევე შიშობენ, რომ ოფშორული კომპანიებისთვის გაუქმებული გადასახადებით „ფულის გათეთრების” რისკი იზრდება.
ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება. ანუ აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამას გარდა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო 3 მაისს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში წერდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ ცვლილებებით ინვესტორებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება.