ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს „აგენტების კანონის“ მიღების გამო


საქართველოს პარლამენტში ე.წ „აგენტების კანონის“ მიღებას განცხადებით გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში. ის წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო.

„კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება“, - წერია განცხადებაში.

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა ეხმაურება თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც. „აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად“, - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.

14 მაისს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო. მას პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG