ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყატარის პრემიერი: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობა ჩიხში შევიდა


მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზის სექტორში ქალაქ რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო და გააფართოვა, ყატარის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობა ჩიხში შევიდა.

მუჰამედ ბი აბდულრმაჰმან ალ-ტანის თქმით ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში ვითარებას ართულებს და კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისაც.

შეიხ მუჰამედის თქმით, მცდელობები მოლაპარაკებების განახლებისთვის და პოზიციების დასაახლოებლად გაგრძელდება, თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის პოზიციები მნიშვნელოვნად არის დაცილებული.

“არის ერთი მხარე, რომელსაც სურს ომის დასრულება და შემდეგ მძევლებზე საუბარი და არის მეორე მხარე, რომელსაც სურს მძევლების გათავისუფლება და ომის გაგრძელება. სანამ ამ ორს შორის არ არის რაიმე საერთო, ეს შედეგამდე არ მიგვიყვანს“,- ამბობს შეიხ მუჰამედი.

ყატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დროებითი შეჩერება გეგმისა და შეთანხმების გარეშე, რადიკალიზაციის მზარდ რისკს წარმოშობს. შეიხ მუჰამედი იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შენარჩუნდება და ომი არ გაფართოვდება.

„რეგიონში უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის მაქსიმალურად“,- ამბობს ყატარის პრემიერ-მინისტრი.

ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის გამო 35 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები. ომი ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა 1 200 ადამიანი მოკლეს, ხოლო გაიტაცეს 252, საიდანაც 133 სავარაუდოდ ღაზის სექტორში ტყვეობაში რჩება.

7 ოქტომბერის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია გაანადგუროს „ჰამასი“ და ღაზის სექტორში დაიწყო სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია.

ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორი სახელმწიფოები მოუწოდებდნენ არ დაეწყო სამხედრო ოპერაცია რაფაში თუმცა ამის მიუხედავად ისრაელის ძალები წინ მიიწევენ და უახლოვდებიან ქალაქის დასახლებულ ნაწილს. რაფაში ამ დროისთვის მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, რომელთა ნაწილი ღაზის სექტორშივეა დევნილი.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით ამ დროისთვის ბლოკირებულია ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შემავალი გზა, რომლითაც ომის პირობებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ხდბოდა.

XS
SM
MD
LG