10 მაისს, ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო უწყება გულდასმით აკვირდებოდა და „გააძევა“ შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „ჰალსი“ (USS Halsey), რომელიც 10 მაისს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პარასელის კუნძულების ტერიტორიულ წყლებში შევიდა.
შეერთებული შტატების ქმედებამ „ჩინეთის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სერიოზულად დაარღვია“, განაცხადა ჩინეთის სამხედრო უწყებამ. „ეს მისი სანავიგაციო ჰეგემონიის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის კიდევ ერთი რკინის მტკიცებულებაა“, დაამატა ჩინეთის სამხედრო უწყებამ და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები მზადყოფნის მაღალ დონეს ინარჩუნებს და ეროვნულ უსაფრთხოებას იცავს.
შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საესკადრო ნაღმოსანმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულებთან, „საერთაშორისო კანონის შესაბამისად“ ნავიგაციის უფლებებით და თავისუფლებებით ისარგებლა.
ამერიკელთა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდი „ჰალსი“ ოპერაციის დასრულების შემდეგ ადგილიდან გავიდა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაცია გააგრძელა.
ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ეს უკანასკნელი დავა, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მოხდა. შეერთებული შტატების მოკავშირე ფილიპინები, რეგიონში სადავო წყლების გამო, პეკინთან დიპლომატიურ დაპირისპირებაში იმყოფება.
ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილებზე აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის იმ ნაწილებზეც, რომლებზეც ფილიპინებს, ვიეტნამს, ინდონეზიას, მალაიზიას და ბრუნეის აქვთ პრეტენზია.
2016 წელს არბიტრაციის მუდმივმა სასამართლომ დაადგინა, რომ პეკინის პრეტენზიებს საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად საფუძველი არ გააჩნია.