ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია - სახელმწიფო დეპარტამენტი


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამერიკის საგარეო უწყება გმობს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტს. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი შეცვლილი სახელით „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ მეორე მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც დღეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, უწყების პრესსპიკერის, მეთიუ მილერის სახელით გამოქვეყნდა. მისი სათაურია: "საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია".

„შეერთებული შტატები გმობს დღეს, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოეთის გავლენის“ კანონის საქართველოს პარლამენტში დაწინაურებასა და ცრუ ნარატივს, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები მის გასამართლებლად ავრცელებენ. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის მაკონტროლებელი, აუცილებელი მექანიზმია.

ამ კანონმდებლობამ და “ქართული ოცნების” ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ფასეულობებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ 32 წლის განმავლობაში ვაწვდიდით ქვეყანას, საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსეთის აგრესიის შეკავების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, ფუნდამენტურად უთხრის ძირს იმ მძლავრ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ჩამოვაყალიბეთ.

ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი უფლებების გვერდით ვდგავართ, რათა მათი ხმა შეისმინონ. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტებისადმი, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. მიუღებელია ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნება დართონ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა".

29 აპრილს, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას. მანამდე, ის საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. მეორე მოსმენით კი კანონპროექტი პირველ მაისს დამტკიცდა, იმის მიუხედავად, რომ თბილისის ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის დაშლილია. სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონპროექტი“ ჩაეგდო და პირობა დაედო, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონპროექტი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად უცხოეთიდან ფინანსდება. კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, თბილისში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG