ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პოლიციამ ე.წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა. ეს რიცხვი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს მიაწოდა.
ამ დრომდე მხოლოდ 34 დაკავებულის შესახებ იყო ცნობილი - ეს მონაცემები "რადიო თავისუფლებამ" რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კომუნიკაციით შეაგროვა.
„მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
აქციების დაშლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი და ხუთი მოქალაქე საავადმყოფში გადაიყვანეს. სამათალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.
ე.წ. "აგენტების კანონი", პირველი მოსმენით, საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის, 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“. ე.წ. „აგენტების კანონი“ ეხება საქართველოში არსებულ არაერთ მედიასაშუალებას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის "რადიო თავისუფლებასაც".