ჩრდილოეთ იტალიაში ელექტროსადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი მცირდება. ამის შესახებ 10 აპრილს იმ მეხანძრეებმა განაცხადეს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ 4 ადამიანს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.
9 აპრილს მიწის ქვეშ მდებარე ნაგებობაში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც მოგვიანებით აფეთქება მოჰყვა, დაკარგულებთან ერთად, მაშველების ინფორმაციით, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული. ჰიდროელექტროსადგური, რომელიც „ენელ გრუპის“ ნაწილია, ბოლონიიდან დაახლოებით 60 კილომეტის მანძილზე მდებარეობს.
ეს ბოლო მსხვერპლი ამყარებს პროფკავშირების მიერ უკვე გამოთქმულ შეშფოთებას იტალიაში სამუშაო ადგილების უსაფრთხოების შესახებ. ბოლო პერიოდში ქვეყნის სამრეწველო და სამშენებლო ობიექტებში რამდენიმე ფატალური შემთხვევა მოხდა.
„ენელის“ თანამშრომლები ხუთშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით რვასაათიან გაფიცვას გეგმავენ, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, სხვა სექტორების თანამშრომლები წინასწარ დაგეგმილ ოთხსაათიან გაფიცვას გამართავენ.
"მაშველების იმედი ყოველთვის ცოცხალი ხალხის პოვნაა. სცენარი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არ გვაიძულებს ამ ჰიპოთეზების დიდად გვჯეროდეს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ ასევე მიჩვეულები ვართ სასწაულებს", - თქვა ოთხშაბათს სახანძრო ბრიგადის წარმომადგენელმა ლუკა კარიმ.
მაშველები მყვინთავებთან ერთად მუშაობდნენ. შემთხვევის გამომწვევი შესაძლო მიზეზების შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.