უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ რუსეთმა ჟიტომირის რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ორ ათეულზე მეტი დრონით დაარტყა და ლოგისტიკური ობიექტები დააზიანა.
რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ჟიტომირის რეგიონის ქალაქ ზვიაჰელის ქალაქის საბჭომ მოსახლეობას დაჟინებით ურჩია შინ დარჩენა, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე თვდასხმამ ჰაერის დაბინძურება გამოიწვია. ქალაქის საბჭომ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყო, ჰაერის დაბინძურებით პირდაპირი საფრთხე არ არსებობდა და ამიტომ შინ დარჩენის და ფანჯრების დახურვის რეკომენდაცია გამოსცა.
ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალები არ გამოაქვეყნეს.
რუსეთმა ბოლო კვირებში უკრაინის ენერგო ობიექტების წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით თავდასხმები გააძლიერა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ეს უკრაინელებს ემუქრება ენერგიის გათიშვებით, როგორც ომის პირველ წელს ხდებოდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ უკრაინის ანტისაჰაერი დაცვამ ოდესის, მიკოლაივის, კიროვოჰრადის, ხმელნიცკის და ჟიტომირის თავზე, 24-დან 17 ირანული „შაჰედ“ დრონი ჩამოაგდო.
საჰაერო ძალებმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაშვებული „Х-59“ ფრთოსანი რაკეტა დნიპროპეტროვსკის რეგიონის თავზე გაანადგურეს.
ოდესის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა თქვა, რომ რეგიონის თავზე ოთხი დრონი გაანადგურეს. მან იქვე დაამატა, რომ ლოგისტიკური და სატრანსპორტო ობიექტები და ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
„როიტერმა“ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. რუსეთის მხრიდან კომენტარები ჯერ-ჯერობით არ ყოფილა.