7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო. ისრაელის მიზანია „გაანადგუროს“ ჰამასი და დაიხსნას ტყვეობიდან ისრაელელები, რომლებიც მძევლად ჰამასის მებრძოლებმა აიყვანეს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მიმდინარე ომის პირობებში, ისრაელის იერიშებს 32 490 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 74 000-ს აღემატება. მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათში ომის დროს 76 პალესტინელი დაიღუპა, 102 ადამიანი კი დაშავდა.
სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ეყრდნობა ღაზის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებს, არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ბავშვის სიცოხლე შეეწირა მიმდინარე ომს.
„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომს, წინ უსწრებდა ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე, რომლის დროსაც 1200 ადამიანი მოკლეს, 200-ზე მეტი ადამიანი, ქალები და ბავშვებიც კი მძევლად აიყვანეს. ადამიანთა ნაწილი, დაახლოებით ნახევარი ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება, ისრაელი კი „ჰამასთან“ ომს აგრძელებს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ სახელმწიფოს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
Facebook Forum