ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის პაქტი გაფორმდება


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის და მოლდოვაში რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების ფონზე, საფრანგეთი მოლდოვასთან თავდაცვით და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებებს ხელი პარიზში, ემანუელ მაკრონისა და მაია სანდუს შეხვედრის დროს მოეწერება.

პოლიტიკურ მიმომხლიველთა ნაწილის შეფასებით, პარიზის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, აღქმული იყოს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკის ნაწილად, რომლის მიზანი მოლდოვის გაძლიერებაა, რათა კიშინოვმა შეძლოს კრემლის დესტაბილიზაციის მცდელობებთან გამკლავება.

ამ ეტაპზე, მოლდოვასა და საფრანგეთს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე გაფორმდა. შეთანხმება მოლდოველი სამხედროების გადამზადებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას მოიცავს.

პარიზში ამბობენ, რომ საფრანგეთის მიზანია ხელი შეუწყოს მოლდოვის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. განზრახვის წერილში ასევე ნათქვამია, რომ პარიზი მხარს დაუჭერს კიშინიოვის ძალისხმევას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, მათ შორის, საფრანგეთის "მისტრალის" სისტემის მსგავსი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესაძლო შეძენაში.

ეს მოლდოვასთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება იქნება, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მოლდოვის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოვარდა სხვადასხვა ტიპის რაკეტა, რაც მოსახლეობაში შიშს და არასტაბილურობას იწვევს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, მოლდოვის საჰაერო თავდაცვითი საშუალებების აუდიტი ჩატარდება და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ქვეყნის უსაფრთხოება გაძლიერდეს.

პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ვიზიტის პარალელურად, ოფიციალური პარიზი გეგმავს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ონლაინ შეხვედრა გაიმართოს, სადაც მთავარი სასაუბრო თემა უკრიანისთვის და მოლდოვისთვის მხარდაჭერის გაზრდა იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარიზის მხარდაჭერა მოლდოვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ ურყევია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG