ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა "სუპერ სამშაბათის" პრაიმერში შტატების უმეტესობაში გაიმარჯვა


“ედისონ რისერჩის” პროგნოზით, დონალდ ტრამპმა 5 მარტს, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ კენჭისყრაზე, ე.წ. პრაიმერში შტატთა უმეტესობაში, ამ დროის მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა. მან თავისი მოწინააღმდეგე, გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი დაამარცხა და დიდი ალბათობით, სწორედ ტრამპი დაუპირისპირდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“სუპერ სამშაბათი” საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების გზაზე, მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დღეს ყველაზე მეტი შტატი ერთდროულად მართავს შიდაპარტიულ არჩევნებს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად.

ამომრჩევლები 15 შტატში (დემოკრატების შემთხვევაში 14-ში) და ამერიკის ერთ ტერიტორიაზე ხმას აძლევდნენ მათი პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველებს. ამ დრომდე ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. ბოლო შტატი, სადაც საარჩევნო უბნები დაიხურება ალასკა იქნება.

აქამდე არსებული "ედისონ რისერჩის", ასოშიეთიდ პრესის და სხვა კვლევითი ორგანიზაციების პროგნოზებით, ტრამპმა გაიმარჯვა ალაბამაში, ტეხასში, არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, კალიფორნიაში, კოლორადოში, ვირჯინიაში, ოკლაჰომაში, მასაჩუსეტსა და ტენესიში. ნიკი ჰეილიმ კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვერმონტის შტატში მოახერხა გამარჯვება.

იმიგრაცია და ეკონომიკა ორივე პარტიაში ამომრჩევლის მთავარი შეშფოთების საგანია, აჩვენა "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლებმა კალიფორნიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში. ამ შტატებში რესპუბლიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციას. ტრამპი, რომელიც ხშირად აპელირებს საიმიგრაციო პოლიტიკაზე, პირობას დებს, რომ არჩევის შემთხვევაში, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას განახორციელებს.

რაც შეეხებათ დემოკრატებს- პრეზიდენტმა ბაიდენმა ადვილად გაიმარჯვა ტეხასში, არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, კოლორადოში, მინესოტაში, ოკლაჰომაში, ტენესისა და აიოვაში. ეს მონაცემები კვლავ "ედისონ რისერჩის" პროგნოზს ეყრდნობა.

ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის, საპრეზიდენტო კანდიდატობის წამყვანი პრეტენდენტია, მიუხედავად მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის ბრალდებისა, აქამდე, ერთის გარდა, მოიგო ყველა შესარჩევი კენჭისყრა საარჩევნო ნომინაციის გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს “სუპერ სამშაბათი” არ მისცემს დელეგატების საკმარის ხმებს, რათა ოფიციალურად მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, ეს კიდევ ერთი დარტყმაა მისი ოპონენტის, ნიკი ჰეილისთვის. ჰეილი, მიუხედავად წარუმატებლობებისა, აგრძელებს საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობას.

ამ დრომდე არსებული კენჭისყრის შედეგები მხოლოდ წინასწარია და საბოლოო შედეგები 6 მარტს გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG