შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო რბოლის, ერთ-ერთ გადამწყვეტ კენჭისყრაზე "სუპერ სამშაბათს", ყველაზე მნიშვნელოვანი შტატი, ჩრდილოეთ კაროლინაა.
5 მარტს, ორივე პარტიის ამომრჩეველი, დემოკრატები 14 შტატში და რესპუბლიკელები 15-ში, ერთად აძლევს ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს.
ჩრდილოეთ კაროლინა “სუპერ სამშაბათში” მონაწილე ერთადერთი შტატია, რომელიც, სავარაუდოდ, მერყევი იქნება ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. მერყევი შტატი გულისხმობს, რომ უცნობია თუ რომელ პარტიას მიემხრობა შტატის ამომრჩეველი.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, დონალდ ტრამპს დიდი მოწონება აქვს. მაგრამ ნიკი ჰეილის შედეგებმა შეიძლება აჩვენოს მისი სისუსტე შტატში, საყოველთაო არჩევნებზე, განსაკუთრებით ზომიერ და დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის,- განუცხადა თომ ლიტლმა, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა ახალი ამბების სააგენტო “როიტერს”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა.
შტატის წესები საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ პირებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული პარტიასთან, ხმა მისცენ რესპუბლიკურ პრაიმერში. ეს ამომრჩეველი იყო ჰეილის მხარდაჭერის წყარო ნიუ ჰემფშირში და სამხრეთ კაროლინაში, სადაც მან ხმების დაახლოებით 40% მიიღო.
Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის, წინასწარი შედეგებით, ჩრდილოეთ კაროლინის პრაიმერიში, რესპუბლიკურ ამომრჩეველთა დაახლოებით 32% ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი არ უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუ მას დამნაშავედ ცნობენ რომელიმე ბრალდებაში. გამოკითხვა რესპუბლიკური პარტიის კენჭისყრაზე 1,484 ამომრჩევლის პასუხს მოიცავს. (განახლებული შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მეტი პასუხების შეგროვების შემდეგ.)
ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ამომრჩეველმა, რომელიც მხარს ჰეილის უჭერს, ნოემბერში უნდა გადაწყვიტოს, კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში მიემხრობიან თუ არა ტრამპს, დარჩებიან სახლში, თუ ხმას დემოკრატ ოპონენტს - ჯო ბაიდენს მისცემენ,- თქვა ლიტლმა.
ტრამპმა 2020 წელს ჩრდილოეთ კაროლინა მცირე უპირატესობით მოიგო. ბოლო დემოკრატი კანდიდატი, რომელმაც შტატში გამარჯვებას მიაღწია, 2008 წელს ბარაკ ობამა იყო.
ნოემბრის არჩევნების დღემდე ამერიკის საარჩევნო კალენდარი ასე გამოიყურება:
• 12 მარტი: პრაიმერი ჯორჯიაში, მისისიპისა და ვაშინგტონში. რესპუბლიკელების კოკუსი (კენჭისყრა) ჰავაიში.
• 19 მარტი: პრაიმერი არიზონაში, ფლორიდაში, ილინოისში, კანზასსა და ოჰაიოში.
• 4 ივნისი: პრაიმერი დანარჩენ შტატებში.
• 15-18 ივლისი: რესპუბლიკელთა ყრილობა მილუოკიში.
• 19-22 აგვისტო: დემოკრატთა ყრილობა ჩიკაგოში.
• 16 სექტემბერი: პირველი საპრეზიდენტო დებატები ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
• 25 სექტემბერი: ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები, პენსილვანიაში.
• 1 ოქტომბერი: მეორე საპრეზიდენტო დებატები, პეტერბურგში, ვირჯინიაში.
• 9 ოქტომბერი: მესამე და ბოლო საპრეზიდენტო დებატები, იუტაში.
• 5 ნოემბერი: არჩევნების დღე.
Facebook Forum