2023 წლის განმავლობაში მსოფლიოში თავისუფლება უკვე მე-18 წელია იკლებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები 52 ქვეყანაში - მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედისთვის გაუარესდა. გაუარესება კი იყო ფართოს გავრცელებულიც და მძიმეც“ - ეს შეფასება საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზმა“ 29 თებერვალს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ყოველწლიური ანარიშის თანახმად, რომელიც უკვე 51-ედ ქვეყნდება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მხრივ მდგომარეობა მხოლოდ 21 ქვეყანაში გაუმჯობესდა.
უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ მანიპულაციები არჩევნებზე, ომი, პლურალიზმზე თავდასხმა და მსგავსი მოვლენები ამ გლობალური მასშტაბის გაუარესების მთავარი მიზეზები იყო. ამჟამად, მსოფლიოს მსოახლეობის დაახლოებით 38 % „არათავისუფლად“ შეფასებულ ქვეყნებში ცხოვრობს, 42 % - „ნახევრად თავისუფალში“, „თავისუფალ ქვეყნებში“ კი მხოლოდ - 20 %.
„თავისუფლება მსოფლიოში“ - ანგარიში პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას აფასებს 195 ქვეყანასა და 15 ტერიტორიაზე.
„ფრიდომ ჰაუზის“ ცნობით, 2023 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით ევრაზიაში მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. ამ შეფასების დიდი ნაწილი რამდენიმე მოვლენას ეფუძნება. მათ შორისაა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის მოპოვება და მისი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის განდევნა. ასევე უკრაინაში კრემლის შეჭრის მეორე წლის განმავლობაში რუსეთში ავტორიტარული რეპრესიების გაღრმავება. თავისუფებამ ასევე იკლო ტაჯიკეთში, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად მთავრობის ძალისხმევისა და ეთნიკური - პამირის თემის მიმართ მზარდი დევნის შედეგად.
ევრაზიაში „არათავისუფალი ქვეყნები“ ჭარბობდა. არც ერთი მათგანი არ შეფასებულა „თავისუფლად“, დემოკრატიული ძალები კი ზოგიერთ „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყანაში ცდილობდნენ ავტორიტარულ წნეხს გამკლავებოდნენ.
“რეპრესიული მთავრობები რეგიონის მასშტაბით მოსკოვის მაგალითს მიჰყვნენ და [საზოგადოებას] შესთავაზეს ისეთი კანონების ამოქმედება, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში. იქვე განმარტებულია, რომ 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სცადა „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონის თავისი ვერსიის გატანა, რაც "მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. კანონპროექტი მისი მოწინააღმდეგეების მიერ მასშტაბური საზოგადოებრივი დემონტრაციების შემდეგ უკან გაიწვიეს. თუმცა მმართველი პარტიის კანონმდებლებმა მიუთითეს, რომ კანონპროექტი შესაძლოა კვლავ წარადგინონ საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ", - წერს ორგანიზაცია წლიურ შეფასებაში.
"ფრიდომ ჰაუზი" მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ოკუპირებული ან სადავო ტერიტორიების შეფასებას. 2023 წლის ანგარიშის თანახმად 15 ოკუპირებული თუ სადავო ტერიტორია პლანეტაზე ყველაზე ნაკლებ თავისუფალ ანდგილებს შორის ლიდერობს. იქ მილიონობით ადამიანს სისტემატურად ურღვევენ ადამიანის საბაზისო უფლებებს. ბევრგან საერთო მახასიათებლებია იმისა, თუ როგორ ზარალდება და იზღუდება სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებები. ამ ტერიტორიებს შორის "ფრიდომ ჰაუზის" შეფასებით - სამხრეთ ოსეთი "არათავისუფალ" კატეგორიაშია, აფხაზეთი კი - "ნახევრად თავისუფალ" ტერიტორიადაა მიჩნეული.
"ფრიდომ ჰაუზის" თანახმად, მოქალაქეებმა და არჩეულმა მთავრობებმა სხვა ქვეყნებში გადადგეს ნაბიჯები საიმისოდ, რომ მოსკოვის ავტორიტარულ გავლენას დაშორებოდნენ. ანგარიშში განმარტებულია, რომ მიუხედავად კრემლისგან შურისძიების შესაძლებლობისა, მოლდოველებმა მიაღწიეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის "დადასტურებას" - ათობით ათასი ადამიანი ამ მისწრაფების დასადასტურებლად ქუჩებში გამოვიდა, მთავრობამ ამ პროცესთან დაკავშირებული რეფორმები გაატარა და მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე "მწვანე შუქი" მიიღეს.
მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მასობრივი შედინების შემდეგ კი, "რუსულ რეჟიმთან სომხეთის მთავრობის განხეთქილებაც გაღრმავდა". ამის მიზეზად ორგანიზაცია რუსეთის სამშვიდობო ძალების მხრიდან აზერბაიჯანის იერიშის შესაკავებლად უმოქმედობას ან "უღიმღამო სამშვიდობო ძალისხმევას" ასახელებს. ორგანიზაციის მკვლევრების შეფასებით, ამ დროიდან მოყოლებული ერევანი მუშაობს, რომ შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და ცდილობს სამხედრო და საგარეო პოლიტიკის პარტნიორების დივერსიფიკაციას. პარალელურად კი ინარჩუნებს დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულებას.
"გლობალური თავისუფლებისთვის 2023 წელი უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო", - თქვა მაიკლ აბრამოვიჩმა, "ფრიდომ ჰაუზის" პრეზიდენტმა კვლევს წლევანდელი გამოშვების წარდგენისას.
"მსოფლიო 2024 წელს ახალი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. მილიარდობით ადამიანმა საარჩევნო უბნებზე არჩევანი უნდა გააკეთოს; მსოფლიოში რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტია, მათ შორის აფრიკაში საჰელის ზონაში, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, იქ ადამიანთა საბაზისო უფლებები კვლავ ირღვევა. თუკი დემოკრატიები არ იმპქმედებენ ამ გამოწვევების პასუხად, მაშინ მსოფლიო მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს არ ექნება წვდომა ფუნდამენტურ თავისუფლებებზე მომავალ წლებში, საბოლოოდ კი ეს იმოქმედებს მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე ყველასთვის. მყისიერი შეზღუდვების პირისპირ კი ადამიანები ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ გარემოში განაგრძობენ საკუთარი უფლებებისა და ღირსებისთვის ბრძოლას. ისინი ამ არაგამამხნევებელ დროს იმედს აჩენენ", - თქვა აბრამოვიჩმა კვლევის პრეზენტაციაზე.