ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ ავდიივკაში კოქსქიმიურ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარა


რუსეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ავდიივკაში საბჭოთა დროის კოქსქიმიურ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარა. ეს ბოლო 9 თვის განმავლობაში, ბრძოლის ველზე, რუსეთის უდიდესი მიღწევაა ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეტაკებებისა და ბრძოლის შემდეგ.

2023 წლის მაისში განადგურებულ ქალაქ ბახმუტზე დაამყარებული კონტროლის შემდეგ, ავდიივკა, კრემლისთვის უდიდესი მონაპოვარია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი ძალები დაახლოებით 9 კმ-ით დაწინაურდნენ 1,000 კმ-იან ფრონტის ხაზზე და ისინი სისხლიანი ურბანული ბრძოლების შემდეგ კვლავ ცდილობენ წინ წაწევას.

ვლადიმირ პუტინმა ავდიივკის აღება მნიშვნელოვან გამარჯვებად გამოაცხადა და ჯარს მიულოცა.

კიევი ამბობს, რომ მან ჯარისკაცების ტერიტორიიდან გამოყვანის გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო, რათა მათი სრულ ალყაში მოქცევა აერიდებინა თავიდან.

"ჯარის დანაყოფმა "ცენტრმა" შეტევის შედეგად კოქსქიმიურ ქარხანაზე ავდიივკაში სრული კონტროლი დაამყარა. ქარხნის ადმინისტრაციულ შენობებზე რუსეთის დროშა ფრიალებს", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. განცხადებასთან ერთად მათ ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც ქარხანაში რამდენიმე აფეთქებაა ასახული.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში კი ვიდეო-კადრებს აჩვენებენ, რომლებშიც რუსი ჯარისკაცები ავდიივკაში უკრაინის დროშებს ხსნიან და რუსეთის დროშებს კიდებენ. რუსეთი ცდილობს უკრაინის ძალების მიერ ქალაქის დატოვება ნაჩქარევად და ქაოტურად წარმოაჩინოს, ამბობს, რომ ზოგმა ჯარისკაცმა იარაღიც დატოვა. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ამბობს, რომ მსხვერპლი ჰქონდათ, მაგრამ სიტუაცია უკან დახევის შემდეგ სტაბილურია.

ავდიივკა ორივე მხარისთვის სიმბოლური მნიშვნელობის ქალაქი იყო. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პრორუს სეპარატისტებთან ერთად ქალაქი ცოტა ხნით 2014 წელს აიღეს, თუმცა ის მოგვიანებით უკრაინის ძალებმა დაიბრუნა და გაამაგრა. ავდიივკა ინდუსტრიულ, დონბასის რეგიონში, ოკუპირებულ ქალაქ დონეცკიდან 15 კმ-ის დაშორებით, მდებარეობს. ომამდე ეს კოქსქიმიური ქარხანა ევროპაში უდიდესი ასეთი საწარმო იყო.

XS
SM
MD
LG