ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრეზიდენტმა დაკავებული ორი პოლიტიკოსი მეორედ შეიწყალა


პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შეიწყალებდა ორ პოლიტიკოსს, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში, ახალ ცენტრისტულ მთავრობასა და წინამორბედ კონსერვატიულ ადმინისტრაციას შორის, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დააკავეს.

პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, სამშაბათს, განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის ახალმა მინისტრმა, შეწყალების პროცედურების შესახებ, პრეზიდენტის შუამდგომლობა უარყო. საუბარია ოპოზიციის ორ წარმომადგენელზე, რომლებიც წინამორბედ, მემარჯვენე მთავრობაში, მაღალი რანგის თანამდებობებს დეკემბრამდე იკავებდნენ.

პრეზიდენტმა დუდამ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ასევე გენერალური პროკურორია, მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. რამდენიმე საათში, ორივე მათგანი გათავისუფლდა.

პრეზიდენტის თქმით, მან შეწყალების გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, არამედ, ასევე, პოლონური საზოგადოების ნაწილის განწყობების საპასუხოდ, რომელიც მხარს უჭერს კანონსა და სამართლიანობას.

იგივე ორი პოლიტიკოსი დუდამ ერთხელ უკვე შეიწყალა 2015 წელს და ამტკიცებდა, რომ განმეორებით ამის გაკეთება აღარ შეეძლო. მაგრამ, სამშაბათს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება, განპირობებული იყო დაკავებულების მდგომარეობით და მათ გათავისუფლებაზე მთავრობის უარით.

პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ორი ლიდერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე, მაკიე ვესკი, 9 იანვარს დააკავეს. ორივემ შიმშილობა გამოაცხადა და ამის გამო, კამინსკისთვის, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაც გახდა საჭირო.

XS
SM
MD
LG