გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უკრაინას საკმარის იარაღს არ აწვდის, რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად. ოლაფ შოლცი ბლოკის მოკავშირეებს ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს.
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესში შეფერხდა უკრაინისთვის მასშტაბური ამერიკული სამხედრო დახმარების დამტკიცება, შოლცი დაჟინებით მოითხოვდა ევროპის მხრიდან დახმარების გაძლიერებას. გერმანიის კანცლერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში, თავად გერმანიაც მოექცა დიდი კრიტიკის ქვეშ იმის გამო, რომ მან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა წამყვანმა სახელმწიფომ, ვერ შეძლო კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. თუმცა, ახლა სწორედ ბერლინია უკრაინისთვის იარაღისა და ფინანსური დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი. გასული წლის ბოლოს, შოლცი დათანხმდა იმაზე, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება 2024 წელს გაორმაგდეს და 8 მილიარდ ევრომდე (8.8 მილიარდი დოლარი) გაიზარდოს.
„რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრძელვადიან პერსპექტივაში“, - თქვა შოლცმა ბერლინში 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ამიტომ, მოვუწოდებ ევროკავშირის მოკავშირეებს გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის იარაღის დაგეგმილი მიწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობისგან, საკმარისი არ არის", - დასძინა მან.
შოლცის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ბლოკი შეთანხმდება უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. საკითხის განხილვა მომავალ საგანგებო სამიტზე, 1 თებერვალს იგეგმება. გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე, უნგრეთის მხრიდან ოპოზიციის გამო, ევროკავშირმა დახმარების დამტკიცება ვერ შეძლო.
Facebook Forum