ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზაში მიწისქვეშა იარაღის საწარმოს აღმოჩენაზე საუბრობს


ღაზაში აღმოჩენილი მეტალურგიული საწარმო, სადაც ისრაელის მტკიცებით, "ჰამასი" რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალას ამზადებდა. 8 იანვარი, 2024 წ.
ღაზაში აღმოჩენილი მეტალურგიული საწარმო, სადაც ისრაელის მტკიცებით, "ჰამასი" რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალას ამზადებდა. 8 იანვარი, 2024 წ.

ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღის ყველაზე დიდი საწარმო იპოვეს, რაც კი პალესტინელთა ანკლავში აქამდე უნახავთ. მათი თქმით, მიწისქვეშა სახელოსნოებს "ჰამასი" შორი რადიუსის რაკეტების დასამზადებლად იყენებდა, რომლითაც შეეძლოთ იერიშების ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანა.

ისრაელის მიერ 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რაკეტების გარდა, სახელოსნოებში სტანდარტული საბრძოლო მასალის ასლები, ან მათი ადაპტაციებიც მზადდებოდა, როგორიცაა მაგალითად, ნაღმტყორცნები. საწარმო მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდებოდა გვირაბების მთელ ქსელს, რომელიც გამოიყენებოდა იარაღის გადასატანად ღაზის სექტორში განლაგებულ სხვადასხვა საბრძოლო დანაყოფებში.

საწარმოს დასათვალიერებლად, ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა იქ ჟურნალისტების ჯგუფი წაიყვანა. მომცრო ზომის მეტალურგიული ქარხანა სექტორის შუაგულში მდებარეობს და ტერიტორია ისრაელის მხრიდან ინტენსიური დაბომვის და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, ნანგრევებადაა ქცეული.

ჟურნალისტებმა ადგილზე ნახეს ერთად დაწყობილი რკინის მილები, ჭურვის კორპუსები და იარაღის დასამზადებელი სხვა კომპონენტები. მეორე მსგავს საცავში კი რაკეტების დასამაგრებელი მეტალის სადგომები ჩანდა. იქვე იყო ლიფტი, რომელიც ღრმად გვირაბში ჩადიოდა.

ისრაელის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ "ჰამასი" განზრახ განათავსებდა თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საკომუნიკაციო გვირაბებს სამოქალაქო ტერიტორიებზე, რათა მათზე თავდასხმა გაერთულებინა. აღნიშნულ ბრალდებას "ჰამასი" უარყოფს და აცხადებს, რომ ისრაელი განურჩევლად უტევს სამოქალაქო ობიექტებს.

ისრაელმა ომი ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის პასუხად დაიწყო. თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, ისევ "ჰამასს" ჰყავს დატყვევებული.

ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი საპასუხო იერიშების შედეგად, "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ხელისუფლების მონაცემებით, იქ 22 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG