რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 4 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ჯარში იმსახურებენ, რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სამხედრო კონტრაქტებს უკრაინაში საბრძოლველად, შეუძლიათ მიმართონ მთავრობას რუსული პასპორტის მისაღებად საკუთარი თავისთვის, მეუღლეებისთვის, შვილებისთვის და მშობლებისთვის. ამისთვის ერთადერთი მოთხოვნა დოკუმენტის წარდგენაა, რომლითაც ისინი დაადასტურებენ, რომ უკაინაში რუსულ არმიაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ.
კრემლი მოქალაქეობას მისცემს იმ ადამიანებსაც, რომლებიც რეგულარულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად სხვა „სამხედრო ფორმირებებთანაც“ იბრძოდნენ, რაც შეიძლება ეხებოდეს ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ორგანიზაცია.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს სამხედრო გამოცდილების მქონე უცხოელების რუსულ ჯარში მიზიდვას და მათ უკრაინაში გაგზავნას.
მოსკოვი უკრაინაში მის მხარეს მებრძოლი უცხოელების რაოდენობის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს. „როიტერსმა“ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია კუბელებზე, რომლებიც რუსულ ჯარში სამხედრო სამსახურისთვის დარეგისტრირდნენ ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც კუბაში საშუალო ხელფასს 100-ჯერ აღემატება.