ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა იერიში ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილზე მიიტანა


ღაზის სექტორი. 27 დეკემბერი, 2023 წ.
ღაზის სექტორი. 27 დეკემბერი, 2023 წ.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მისმა ძალებმა 28 დეკემბერს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რეიდი მოაწყვეს. მათი მიზანი იყო იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც სავარაუდოდ, პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასს" აფინანსებენ. განცხადების მიხედვით, რეიდის შედეგად დაკავებულია 21 ადამიანი. მათ ათობით მილიონი შეკელი ჩამოართვეს, ისრაელის ფულის ერთეული.

პარალელურად, გაგრძელდა როგორც საჰაერო იერიშები, ისე სახმელეთო კონტრტერორისტული ოპერაცია ღაზის სექტორში. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ იყო ანკლავის ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთის ნაწილები. ოპერაცია მიზნად "ჰამასის" სრულ განადგურებას ისახავს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისმა დღეს საგანგებო ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე "სწრაფად გაუარესდა" ისრაელზე 7 ოქტომბერს მომხდარი "ჰამასის" თავდასხმის და ისრაელის საპასუხო ომის შემდეგ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ მან გადაამოწმა 7 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე დაღუპულთა სია. გაეროს მონაცემებით, იქ 300 პალესტინელია დაღუპული, აქედან 291 პალესტინელი მოკლეს ისრაელის ძალებმა, რვა - ისრაელის ახალმოსახლეებმა და ერთი მოკლულია ან ისრაელის ძალების, ან ახალმოსახლეების მიერ. ვითარება "უკიდურესად შემაშფოთებელია“, - ამბობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მათი გუნდები ღაზის სექტორში აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და „მაღალი რისკის შემცველ მისიებს", რათა პარტნიორებთან ერთად, ადგილობრივ საავადმყოფოებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება გადასცენ.

„დღეს გავიმეორებ ჩემს მოწოდებას საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები ღაზის მოსახლეობის წინაშე მდგარი მძიმე საფრთხეების შესამსუბუქებლად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა დაეხმარონ ადამიანებს საშინელი დაზიანებებით, მწვავე შიმშილით და დაავადების მძიმე რისკის ქვეშ მყოფებს", - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ისრაელმა ღაზის სექტორს "ჰამასის" თავდასხმის პასუხად შეუტია. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად გაიტაცეს. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG