ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფლაციის გამო შენობის აშენების ხარჯი 21 მილიონით გაეზარდა


საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ახალ შენობას აშენებს, ინფლაციის გამო ხარჯი, ბოლო სამ წელში, 21 მილიონი ლარით გაეზარდა. სამეურვეო საბჭოს წევრებს, ინფორმაცია არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მიაწოდა.

"რატომ გაძვირდა? იმიტომ, რომ დაემთხვა პანდემია, იყო ინფლაცია და იყო ომი", - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა. მისი თქმით, მხოლოდ მშენებლობის ტენდერის ფასი, თითქმის, 4,4 მილიონი ლარით გაიზარდა, საინჟინრო მომსახურების ფასი - 12 მილიონი ლარით, ავეჯისა და ინვენტარის - 4,1 მილიონით.

ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს 2021 წელს 112 მილიონ ლარამდე უჯდებოდა, 2024 წელს 133 მილიონი დაუჯდება.

არხის დირექტორი ამბობს, რომ ახალი შენობისთვის საჭირო 115 მილიონამდე ლარის მობილიზება სესხით, არსებული შენობის გაყიდვითა და გაზრდილი ბიუჯეტით უნდა მომხდარიყო.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალა. დირექტორი ამბობს, რომ ამის გამო დასჭირდათ 6,6 მილიონ ლარამდე დაკლებული შემოსავლის დაბალანსება სხვა ხარჯების შემცირებით.

"ეს თანხა საიდანღაც უნდა მოეპოვებინა [მენეჯმენტს]. საიდან გადაანაწილებს?! საოპერაციო ხარჯიდან წამოიღებს... ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის გადაცემები. გადაცემები არის ადამიანები - 70 პროცენტი ჩვენი ბიუჯეტის, რომელიც ასე ყელზე ადგას ყველას, არის ადამიანების ხელფასები, რომელიც არ არის ისეთი, როგორიც არ არის მედიაბაზარზე", - აღნიშნა მან.

საქართველოში თითქმის ორი წლის განმავლობაში მაღალი ინფლაცია იყო. ფასები გაიზარდა თითქმის ყველა მომსახურებაზე, მათ შორის მშენებლობაზე.

  • 2021 წლის წლიური (საშუალო) ინფლაცია 11,9 პროცენტს შეადგენდა;
  • 2022 წლის წლიური (საშუალო) ინფლაცია კი 9,8 პროცენტი იყო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც 2021 წლის დასაწყისში 100 ლარი ჯდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის გაძვირდა დაახლოებით 123 ლარამდე.

პეტიცია გადაცემის აღდგენისთვის

მომავალი წლიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა რამდენიმე გადაცემა. მათ შორის, დაიხურა "ტელესკოლა", რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, როგორც საგანმანათლებლო რესურსი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაფინანსების შემცირების შესახებ კანონის დაჩქარებულად მიღების გამო, ახალ ბიუჯეტზე მორგება 10 დღეში უნდა მოესწროთ.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრმა არხის მენეჯმენტი 21 დეკემბერს სხდომაზე მიიწვია იმის ასახსნელად, როგორ შეარჩიეს ის პროგრამები, რომელიც 2024 წლიდან აღარ უნდა გაგრძელდეს, ფულის დაზოგვის გამო. დირექტორის თქმით, ახალმა კანონმა მომავალი წლის ბიუჯეტი 6,6 მილიონით 91,8 მილიონიდან 85,2 მილიონ ლარამდე შეამცირა.

"როგორ მოხდა ისე, რომ ნაკლებად პოპულარული და ძვირიანი გადაცემები დარჩა ბადეში და გადაცემები, რომლებსაც გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, დაიხურა", - იკითხა ლიკა ბასილაიამ, სამეურვეო საბჭოში პარლამენტიდან ე.წ. ოპოზიციის კვოტით არჩეულმა წევრმა.

ახალი კანონის მიხედვით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება. პირიქით, 2026 წელს იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მომავალი ორი წლის განმავლობაში. იმ წელს 106 მილიონის ნაცვლად 71 მილიონს მიიღებს.

"უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა 10 დღე და გადავწყვიტეთ ისე, როგორც გადავწყვიტეთ. ჩვენ, პრაქტიკულად, სხვა გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გვქონდა. მე არ ვაპირებ აქ იმის თქმას, რომელი გადაცემა რომელს სჯობდა. ყველა გადაცემა, რომელზეც საუბრობთ ჩემი, ჩვენი მენეჯმენტის დროს გაიხსნა, დაფრთიანდა და ძალიან მოგვწონდა", - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილადა არხის ხარჯებს.

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" არის კიდევ ერთი გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

დავით გორგილაძის გადაცემის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისადმი მიმართულ პეტიციაში წერია, რომ დავით გორგილაძის გადაცემა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა.

„არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

„კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით“, - ეს არის ამონარიდი, მოქალაქეთა ნაწილის მიერ გამოთქმულ პროტესტის საპასუხოდ, საქართველოს საზოგადოებოებრივი მაუწყებლის მიერ, 16 დეკემბერს გავრცელებული განცხადებიდან.

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გარდა, პირველ არხზე ასევე იხურება:

  • სრულად არხი „ტელესკოლა“
  • „დღის კოდი“
  • „ფერმა“
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
  • „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“
  • „კაცები“

XS
SM
MD
LG