რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის იშვიათად ტოვებს ქვეყანას, ამჯერად პუტინი ოთხი რუსული მოიერიშე თვითმფრინავის თანხლებით გაფრინდა. ის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ერთად ნავთობთან, ღაზის სექტორსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
პუტინის შეხვედრა პრინცთან იმ ფონზე იმართება, როცა ნავთობის ფასები დაეცა. ეს კი წარმოების შემდგომი შემცირების შესახებ ნავთობმწარმოებელთა ორგანიზაცია OPEC+-ის გეგმის მიუხედავად მოხდა.
პუტინის თვითმფრინავს გვერდით "სუხოი-35S"-ის ტიპის მოიერიშეები მიჰყვებოდა. ის თავდაპირველად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. აბუ დაბიში, პრეზიდენტი შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი მიესალმა თავის "ძვირფას მეგობარს":
"ჩვენმა ურთიერთობებმა... მიაღწია უპრეცედენტოდ მაღალ დონეს", - თქვა პუტინმა. არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია არაბულ სამყაროში.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები თანამშრომლობდნენ OPEC+-ის ფარგლებში, რომლის წევრებიც მსოფლიო ნავთობის 40%-ზე მეტს გამოიმუშავებენ და დასძინა, რომ ისინი ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტსა და უკრაინას განიხილავენ.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების შემდეგ, პუტინი აპირებს საუდის არაბეთში ვიზიტისაც. ეს 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ საუდის პრინცთან მისი პირველი პირისპირი შეხვედრა იქნება. ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი რეგიონში 2022 წლის ივლისში გაიმართა, როდესაც ის ირანის ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.
კრემლმა განაცხადა, რომ ნავთობის გარდა, პუტინი და საუდის ტახტის მემკვიდრე ისაუბრებენ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომზე, სირიასა და იემენში არსებულ ვითარებაზე და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ყურეში სტაბილურობის უზრუნველყოფა.
როგორც საუდის მხარეს, ასევე 71 წლის პუტინს საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად სურთ და სჭირდებათ მაღალი ფასები ნავთობზე. თუმცა პრობლემურია ის, თუ რამდენი ტვირთი უნდა აიღოს თითოეულმა მათგანმა საიმისოდ, რომ ფასები შენარჩუნდეს.
გასულ თვეში OPEC+-მა რამდენიმე დღით გადადო თავისი შეხვედრა წარმოების დონესთან დაკავშირებით უთანხმოების გამო. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ OPEC+-ს ასევე სურდა მეტი გარანტიები მოსკოვისგან, რომ ის შეასრულებს დაპირებას საწვავის ექსპორტის შემცირებაზე.
მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი დაიწყო, პუტინმა კონფლიქტი შეაფასა, როგორც ამერიკის პოლიტიკის წარუმატებლობა ახლო აღმოსავლეთში.
Facebook Forum