ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ყირიმში ორი რუსული მცირე სადესანტო ხომალდი დააზიანა - კიევი


პარასკევს, 10 ნოემბერსს, უკრაინის დაზვერვის სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმში, საზღვაო დრონების გამოყენებით, ღამის განმავლობაში ორი რუსული მცირე სადესანტო ხომალდი დააზიანა.

სააგენტო „როიტერმა“ ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. რუსეთის მხრიდან ამ დროისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

„ღამის ოპერაციის შედეგად, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ჯარისკაცებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო ხომალდებს დაარტყეს“, ნათქვამია უკრაინის დაზვერვის სააგენტოს „ტელეგრამის“ არხზე.

განცხადებაში ითქვა, რომ ხომალდებზე ეკიპაჟი იმყოფებოდა და ისინი ჯავშანმანქანებით იყო დატვირთული. დაზიანების ხარისხი იმ დროისთვის ცნობილი არ იყო.

უკრაინა აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი თავდასხმების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ფლოტის ზოგიერთი ხომალდი სევასტოპოლიდან გაიყვანეს.

საბრძოლო მოქმედებების შესახებ ბოლო ცნობებში, რუსული სააგენტო „რია“ ციტირებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ პარასკევ დილით, რუსეთის საჰაერო დაცვამ ყირიმის თავზე ორი და ტულის რეგიონის თავზე ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდო. კიევს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია და საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა“ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG