აზერბაიჯანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ სომხეთის საზღვართან, თურქეთთან ერთად, სამხედრო წვრთნები დაიწყო. პარალელურად, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანელ და რუს კოლეგებს თეირანში ხვდებიან. განსახილველ საკითხებს შორისაა მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში, რომელიც თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელს ატარებს, 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს .
წვრთნები რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის: ბაქოში, აზერბაიჯანის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება და ასევე ნახიჭევანში. სამხედრო წვრთნები 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
წვრთნების პარალელურად, ირანი მასპინძლობს ე.წ. 3+3 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, თუმცა საქართველო ამ შეხვედრაზე არ იმყოფება.
შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სექტემბერში შეტევა განახორციელა მთიანი ყარაბაღზე კონტროლის დასაბრუნებლად.
აზერბაიჯანის მიერ, ყარაბაღზე კონტროლის დაბრუნების გამო, 100 000-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა ყარაბაღში თავისი საცხოვრებელი სახლები დატოვა. სომხეთი აზერბაიჯანს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს და ამბობს, რომ ყარაბაღში ხალხი თავისუფლად იცხოვრებს და აზერბაიჯანში მათი ინტეგრირება მოხდება.