ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ მოიაზრება წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სპიკერად?


წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი.
წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლთა პალატა ლიდერის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, რესპუბლიკელებმა, კევინ მაკკარტის გადაყენებისთვის, კენჭისყრა მცირე უმრავლესობით მოიგეს.

შეერთებული შტატების ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს. სპიკერი, ქვეყნის მართვის იერარქიაში ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ, საპრეზიდენტო რიგში მეორეა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შემცვლელის მოსაძებნად ხანგრძლივ და შესაძლოა, ბინძურ ბრძოლას გამოიწვევს.

რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მათ გადაჯგუფებისთვის ერთი კვირა დასჭირდებათ. მაკკარტის შემცვლეელი შესაძლო კანდიდატის განხილვას პალატის უმრავლესობის წარმომადგენლები სამშაბათს გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ ყოფილი სპიკერი, კენჭისყრას აღარ გეგმავს.

18 ნოემბერს შეერთებული შტატების მთავრობა ნაწილობრივ დაიხურება, თუკი მანამდე კონგრესი ვერ მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც მთავრობის დაფინანსების გაზრდას დაადასტურებს. მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ შეთანხმების მისაღწევად დარჩენილ დროს წარმომადგენელთა პალატის ლიდრობისთვის ბრძოლა მნიშვნელოვნად აზარალებს.

იანვარში, სპიკერობის კანდიდატობისას, კენჭსყრის 15 დამღლელი რაუნდის დროს, მაკკარტი პალატის წესებში ცვლილებების შეტანას დათანხმდა. ცვლილებები საშუალებას აძლევდა კონგრესის ნებისმიერ ერთ წევრს, სპიკერის გადაყენება მოეთხოვა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მეტ გაეტზმა სწორედ ეს გზა გამოიყენა.

„თქვენ ურიგებთ ასანთის 220 ღერს თქვენს ჯგუფში მყოფ ხალხს, საწვავს ასხამთ და იმედოვნებთ, რომ არც ერთი მათგანი გიჟი არ არის“, - ასე აღწერა რესპუბლიკელმა მაიკ გარსიამ, წარმომადგენელთა პალატის წესებში შეტანილი ცვლილება.

„შეცვალე წესები“ - ეს არის კევინ მაკკარტის რჩევა მომავალი სპიკერისთვის.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დასტი ჯონსონმა, რომელსაც ახალი სპიკერის არჩევის პერსპექტივის შესახებ ჰკითხეს, ჟურნალისტებს განუცხადა: ”გულწრფელად უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა პალატა საერთოდ მართვადი.”

„ეს არასდროს მინახავს“

კანონმდებლების დიდი ნაწილი გაოგნებული იყო იმით, რომ რესპუბლიკელებმა, წარმომადგენელთა პალატის საკუთარი სპიკერი გადააყენეს.

„დიდი ხანია აქ ვარ და ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ეს - არასდროს“, - თქვა „როიტერთან" საუბრისას დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯიმ მაკგოვერნმა.

პალატის დემოკრატების ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა პალატაში "ტრადიციულ რესპუბლიკელებს" მოუწოდა "მოშორდნენ MAGA-ს (Make America Great Again-ის) ექსტრემიზმს და შეუერთდნენ ქვეყნის სასიკეთოდ პარტნიორობას". დემოკრატმა კონგრესმენმა, მითითება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სლოგანზე გააკეთა - „ამერიკა ისევ დიდებული გავახდოთ".

მაკკარტის შემცვლელებად დასახელებულთა შორისაა პალატის უმრავლესობის ლიდერი სტივ სკალიზი და რესპუბლიკელი უიპ ტომ ემერი. კანდიდატი შეიძლება გახდეს წარმომადგენელი პატრიკ მაკჰენრიც, რომელიც მაკკარტის გადაყენების შემდეგ დროებით სპიკერად დასახელდა. არცერთ მათგანს არ უთქვამს დაინტერესებულია თუ არა ამით. სხვა კანდიდატები კი შესაძლოა მომავალ კვირაშიც გამოვლინდნენ.

XS
SM
MD
LG