აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცი, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში, ჩრდილოეთ კორეის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა, ხუთშაბათს დილით აშშ-ში დაბრუნდა. ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი, რომლითაც რიგითი ტრევის კინგი სამშობლოში დაბრუნდა, სან ანტონიოში, ტეხასში დაჯდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოთხშაბათს რეპორტიორებს განუცხადა, რომ რიგითმა კინგმა, კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, შვედეთის მთავრობის დახმარებით, ჩინეთში გადაკვეთა. შეერთებულ შტატებში ტრანსფერი სწორედ ჩინეთიდან განხორციელდა.
„მადლობას ვუხდით შვედეთის მთავრობას მისი დიპლომატიური როლისთვის, როგორც შეერთებული შტატების ინტერესების გამტარი ძალა DPRK-ში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, კინგის ტრანზიტის ხელშეწყობისთვის,“ - თქვა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
"მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფოკუსირებული ვიქნებით რიგითი კინგის კარგ მდგომარეობაში დაბრუნებაზე. შემდეგ კი მივმართავთ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ქმედებას, რომელიც შეიძლება მოჰყვეს რეინტეგრაციის პროცესს“ - თქვა „ამერიკის ხმის“ პასუხად, ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე, ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რიგითი კინგის დედის სახელით, განცხადება გაავრცელა მისმა წარმომადგენელმა, - „ქალბატონი გეითსი სამუდამოდ მადლიერი იქნება შეერთებული შტატების არმიის.“