ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი: საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს - მინდოდა, პირადად მეთქვა ხალხისთვის


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჟოზეფ ბორელმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის მთავრობასთან და ხალხთან სამი ძირითადი გზავნილით არის ჩამოსული. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში აღნიშნავს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი.

  • "პირველი გზავნილია, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის - 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამარტო რიცხვია. მე მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოში, კიდევ უფრო მეტი ვიდრე ბრიუსელში..."
  • "მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი მჭიდრო პარტნიორი კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და აღიარებული იქნეს. ასევე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის..."
  • "მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს".

ბორელმა თქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ ქვეყანას მიენიჭის კანდიდატის სტატუსი.

"ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა.

რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული, რო პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწეული 12 რეკომენდაციის სახით", - თქვა მან და ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ განაგრძო საუბარი:

"ჩვენ უკვე განვაცხადეთ ჩვენს დასკვნაში, ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი, დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, სჭირდება გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი".

ბორელი ასევე შეეხო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას:

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი მჭიდრო პარტნიორი კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და აღიარებული იქნეს. ასევე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის..."

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.

2022 წელს, ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციები პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს და რეალურად ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG