ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის პრეზიდენტი: აუდიტმა "გაზპრომის" 800-მილიონიანი ვალი უარყო


კვირას, 3 სექტემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ფირმის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა უარყო რუსული „გაზპრომის“ პრეტენზია, რომ მოლდოვის მთავრობას მისი 800 მილიონი დოლარი მართებს.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ადრე რუსულ ბუნებრივ გაზს ყიდულობდა, მაგრამ 2021 წლის ბოლოს “გაზპრომმა“ და მისმა მოლდოვურმა ფილიალმა განაცხადეს, რომ ქვეყანას ასობით მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა და მომავალში გაზის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, ვალის დაფარვა უნდა მომხდარიყო.

გასულ წელს „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ვალი 709 მილიონ დოლარს შეადგენდა, მაგრამ შესაძლოა თანხა ვალის პროცენტის დამატებამ გაზარდა.

ახალი ამბების მოლდოვური ვებგვერდის, Nokta.md თანახმად, საჯარო შეხვედრაზე სანდუმ თქვა, რომ აუდიტმა ის პრეტენზიები უარყო, თუმცა მისი ნათქვამიდან ბოლომდე ნათელი არ იყო, არსებობდა თუ არა უფრო მცირე ვალი.

სანდუმ თქვა, რომ უახლოეს დღეებში მოლდოვის მთავრობა აუდიტის შედეგების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. „გაზპრომს“ კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

მოლდოვის პროევროპული მთავრობა, ევროკავშირის ინსტიტუტებიდან მიღებული სესხების დახმარებით, გასული წლის დეკემბრიდან გაზს სხვა ევროპული წყაროებიდან ყიდულობს.

XS
SM
MD
LG