დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მისი სასამართლო პროცესის 2024 წლის მარტში დანიშვნას გაასაჩვრებს. საუბარია ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლა სცადა.
"მე გავასაჩივრებ", თქვა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, 28 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მაგრამ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ როგორ და როდის მოხდება ეს. იურისპრუდენციის სპეციალისტები თვლიან, რომ სასამართლოს თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია.
ვაშინგტონში გამართულ იმ განხილვას, რომელზეც სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი გამოცხადდა, თავად ტრამპის ადვოკატი ჯონ ლაუროც ესწრებოდა. უკმაყოფილების მიუხედავად, მან პირობა დადო, რომ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დაწესებულ განრიგს დაემორჩილებოდა.
საოლქო მოსამართლე ტანია ჩუტკანის გადაწყვეტილებით, რომელიც 28 მარტს ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი 4 მარტს დაიწყება. საქმის პროკურორები მას სასამართლოს თარიღად 2024 წლის 2 იანვარს სთავაზობდნენ. ტრამპის დაცვის გუნდს კი პროცესის დაწყება თითქმის 3 წლის დაყოვნებით, 2026 წლის აპრილში სურდა.
ვაშინგტონში დაგეგმილი პროცესი ოთხიდან მხოლოდ ერთია, რომლებზეც ყოფილი პრეზიდენტის დაცვის გუნდი ახლა მუშაობს. წაყენებული ბრალდებების ფონზე, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციის მოპოვებას ცდილობს.
სხვა ბრალდებები
ეს დონალდ ტრამპის რიგით მესამე ბრალდება იყო, რომელიც მას წელს, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე წაუყენეს. ყოფილი პრეზიდენტისთვის ნიუ-იორკში წაყენებული პირველი ბრალდება უკავშირდებოდა არჩევნების წინ, საქმიანი ჩანაწერების უკანონოდ შეცვლას - გაჩუმების სანაცვლოდ, პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდის ფაქტის დაფარვის მიზნით.
მეორე ბრალდება ტრამპს ფლორიდაში წაუყენეს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი საიდუმლო დოკუმენტების შინ წაღების საქმესთან დაკავშირებით. ამას მოჰყვა არჩევნების საქმეზე ვაშინგტონში წაყენებული მესამე ბრალდება. ბოლო, მე-4 ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯიის შტატში წაუყენეს. საბრალდებო დასკვნა მას შეთქმულებაში და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობაში სდებს ბრალს.
ფლორიდის შტატში საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე სასამართლოს პროცესის გახსნა პროკურორებს 2024 წლის მარტის დასაწყისში სურდათ, თუმცა საბოლოოდ, მისი დაწყება მაისი გადაწყდა. ტრამპს და მის თანაშემწეებს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის 41 პუნქტით აქვთ წაყენებული. აქედან 13 პუნქტი თავად ტრამპს ეხება. მათში შედის რეკეტი, ყალბი განცხადებები და საჯარო მოხელეების კანონდარღვევისკენ წაქეზება.
6 იანვრის საქმე
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალი 1 აგვისტოს წაუყენა. ტრამპს ბრალი ედება 6 იანვარს, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 2020 წელს წაგებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში. იმ დღეს ტრამპის 2000-მდე მხარდამჭერი დედაქალაქში მდებარე კაპიტოლიუმის შენობაში ძალადობრივად შეიჭრა. კონგრესში ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტისადმი წაყენებული რიგით მესამე ბრალდება ოთხი პუნქტისგან შედგება, რომელთაგან თითოეული ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ესენია: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.
ტრამპის პოზიცია
ფედერალური მოსამართლე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, სამართლიანი არ იქნება და ის უნდა შეიცვალოს - განაცხადა აგვისტოს დასაწყისში დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, საქმის განხილვა ქვეყნის დედაქალაქიდანაც უნდა გადავიდეს, რადგან ვაშინგტონში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მის წინააღმდეგ მისცა. საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის მოხდება.
ტრამპის ადვოკატმა ჯონ ლაურომ არჩევნების საქმეზე სასამართლო განხილვის სასურველ აგილად დასავლეთ ვირჯინიის შტატი დაასახელა. ტრამპმა 2020 წელს არჩევნები იქ ხმის უმრავლესობით, 68.6%-ით მოიგო. ლაურომ განცხადება 6 აგვისტოს, ხუთ სხვადასხვა საინფორმაციო არხზე გააკეთა.
ამას გარდა, წარსულში, მოსამართლე ჩუტკანმა პატიმრობის განაჩენი გამოუტანა ტრამპის 38-ივე მომხრეს, რომელთა სასამართლო საქმეების განხილვაც მისი თავმჯდომარეობით წარიმართა. ისინი 2021 წლის 6 იანვარს, სხვადასხვა როლს ასრულებდნენ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა ძალადობრივ შეჭრაში.
Facebook Forum