ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა იგეგმება


უახლოეს პერიოდში რუსეთისა და თუქრეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვი ავრცელებს. ამ დროისთვის, უცნობია შეხვედრის თარიღი და ადგილი. ინიციატივა, თავდაპირველად, ოფიციალურმა ანკარამ გამოთქვა. პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსი კოლეგა თურქეთში მიიწვია.

კრემლის პრესსპიკერი, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, ჩავა თუ არა ვლადიმირ პუტინი თურქეთში ამბობს, რომ „საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და შეხვედრა მალე გაიმართება“. დმიტრი პესკოვს არ დაუდასტურებია, რომ შეხვედრა თურქეთში გაიმართება. მოსკოვი ამბობს, რომ დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„მალე გამოვაცხადებთ, როდის და სად გაიმართება შეხვედრა. მზადება ძალიან საფუძვლიანად მიმდინარეობს“, - ამბობს პესკოვი.

პარალელურად კი, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვევა. ამ ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

არსებობს მოლოდინი, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შეეცდება ვლადიმირ პუტინი დაარწმუნოს, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც რუსეთმა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

პარალელურად, როგორც კიევი ამბობს, მოსკოვი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინულ პორტებს ბომბავს, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტზე გატანა ხდება. უკრაინა ახლა ცდილობს მარცვლეულის ექსპორტი, "ჰუმანიტარული დერეფნით", შავი ზღვის ალტერნატიული მარშრუტით განახორციელოს.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 2022 წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით შედგა და მის მიზანს გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქება წარმოადგენდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG