ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აბსოლუტური ტყუილი" - კრემლი პრიგოჟინის მკვლელობის თაობაზე ბრალდებებს პასუხობს


კრემლი აცხადებს, რომ დასავლეთში გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს "ვაგნერის" ჯგუფის ლიდერის მკვლელობის ბრძანება მოსკოვიდან გაიცა, "აბსოლუტური ტყუილია". თუმცა, ამასთან კრემლი მისი სიკვდილის ფაქტს პირდაპირ არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყველა ექსპერტიზის პასუხების შედეგებს უნდა დაელოდოს.

რუსეთის საავიაციო სააგენტომ თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინი იმ კერძო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც ოთხშაბათ საღამოს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ოჯახს ხუთშაბათს მიუსამძიმრა. ეს პირველი იყო, რაც მან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ თქვა. თვითმფრინავის ჩამოვარდნა კი ზუსტად ორი თვის შემდეგ მოხდა მას მერე, რაც პრიგოჟინმა და მისმა მებრძოლებმა, შეიარაღებული ამბოხი და მოსკოვისკენ მარში სცადეს.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ "წინასწარი ინფორმაციით", პრიგოჟინი და მისი ახლო გარემოცვა, "ვაგნერის" ჯგუფის სხვა მეთაურები დაიღუპნენ. მან ასევე შეაქო პრიგოჟინი, თუმცა თქვა, რომ მან "სერიოზული შეცდომები" დაუშვა.

დასავლეთში იხსენებენ, რომ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა არაერთმა პოლიტიკოსმა დაასრულა სიცოცხლე ტრაგიკულად, ან ბუნდოვანი გარემოებების შედეგად. პრიგოჟინის ორგანიზებული ამბოხი კი პუტინისთვის, მათი აზრით, ბოლოო 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, ყველაზე სერიოზული გამოწვევა იყო.

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ეს ბრალდებებიც, სხვა მრავალის მსგავსად, მცდარია.

"ახლა არის ბევრი სპეკულაცია თვითმფრინავის ამ კატასტროფის და მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია კარგად ნაცნობი კუთხითაა წარმოდგენილი", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

"ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია და აქ, როცა ამ საკითხს აშუქებთ, აუცილებელია, რომ ფაქტებს დაეყრდნოთ. აქ ბევრი ფაქტი ჯერ არაა ცნობილი. ისინი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უნდა დადგინდეს", - განმარტა კრემლის პრეს-სპიკერმა.

პარასკევ დილით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ამერიკის პრეზიდენტის გააკრიტიკა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის პრიგოჟინის სიკვდილით გაკვირვებული არაა. რიაბკოვი, ამერიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ნორმების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG