ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავაიზე ხანძარმა 55 ადამიანი იმსხვერპლა


ჰავაის კუნძულებზე ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრები დასახლებულ უბნებშიც გადავიდა, რის გამოც, სულ ცოტა, 55 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა მეტი იქნება, რადგან მათ შენობათა ნანგრევების ნაწილი ჯერ არ შეუმოწმებიათ.

ხანძარი კუნძულ მაუიზე სამშაბათს გაჩნდა. მისი წარმოშობის მიზეზი დგინდება, თუმცა შეერთებული შტატების სატყეო მომსახურების სააგენტოს ანგარიშით, ხანძრების 85% ადამიანების მიზეზით ჩნდება, დანარჩენი კი ბუნებრივი მოვლენებით, როგორიცაა ვულკანი, ელვა და ა.შ.

ქალაქ ლაჰაინაში ათასობით შენობა და ასობით მანქანაა დამწვარი. ეს შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია. მეხანძრეების განცხადებით, ისინი ხუთშაბათს საღამოსთვის ხანძრების 80%-ს აკონტროლებდნენ. ჰავაიზე მაშველთა დასახმარებლად მეზობელი შტატებიდან რამდენიმე სხვადასხვა სამსახური ჩავიდა. კალიფორნიის და ვაშინგტონის შტატებიდან დაღუპულთა საპოვნელად მაძებარი ძაღლები გააგზავნეს.

ხანძრების გავრცელებას ამ ზაფხულს რეკორდულმა სიცხემაც შეუწყო ხელი. ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრები თვეების განმავლობაში მძვინვარებდა კანადაში. რთული ვითარება იყო ევროპის სამხრეთ ნაწილშიც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენებით და სხვა მიზეზებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გამო, მომავალში ხანძრები და ექსტრემალური ამინდის მოვლენები გახშირდება და თან გაძლიერდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG