სლოვენიის ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობას, სულ მცირე, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოვარდნილმა წყალმა წაიღო სახლები და ნანგრევებით სოფლები ჩაკეტა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერმა წვიმამ, ალპური ქვეყნის თითქმის ორი მესამედი დააზარალა. განადგურებულია შენობები და ხიდები, რამაც ქვეყანას, დაახლოებით, 500 მილიონი ევროს ოდენობით ზარალი მიაყენა.
„მატერიალური ზარალი არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, გადარჩენა დროულად მოვახერხეთ“ - თქვა ავსტრიის საზღვრის მახლობელი სოფლის, პრევალეს მკვიდრმა. დრაგო ჰუდოფიქსი, შაბათ-კვირის განმავლობაში თვალს ადევნებდა, როგორ გაუჩინარდა მისი სახლი ტალახში.
„ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ხდება ეს. ეს მთელს მსოფლიოში ხდება. იცით, ბუნება ყველა ჩვენი ნამოქმედარის საპასუხოდ იბრძვის. წყალს ძალა აქვს, ყველაფერს ანადგურებს“ - თქვა ჰუდოფიქსმა, რომლის რვაწევრიანი ოჯახის სახლიც წყალმა წაიღო.
ჩრდილო-დასავლეთს და ცენტრალური სლოვენიიდან, ათასობით ადამიანია ევაკუირებული. დანარჩენების გათავისუფლებას და მათთვის გზების გაწმენდას, მაშველები და მეხანძრეები ცდილობენ.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთაგან 2 ნიდერლანდელი ტურისტი იყო. ისინი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ. ოთხი გარდაცვლილი სლოვენიელია, რომლებიც სავარაუდოდ ქაოსის დროს, წყალში დაიხრჩვნენ.
სლოვენიის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ წყალდიდობა ორშაბათს დაიწყო, მაგრამ ზოგიერთი რაიონი, დანარჩენ სამყაროს კვლავ მოწყვეტილია. კვირა ღამით, მას შემდეგ რაც ჯებირები ჩამოიშალა, მდინარე მურას გასწვრივ მდებარე სოფლების მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
სათხილამურო კურორტ კრანიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზიანებულმა კანალიზაციის მილებმა შეიძლება დააბინძუროს მდინარე სავა, რომელიც ასევე მიედინება ხორვატიაში, ბოსნიასა და სერბეთში.
სტიქიასთან საბრძოლველად, ევროკავშირმა სლოვენიას მძიმე ტექნიკა და საინჟინრო დანაყოფები შესთავაზა. სლოვენიამ ასევე ითხოვა ვერტმფრენები, ჯარისკაცები და გასაშლელი ხიდები ნატოსგან.
ხორვატიამ და უნგრეთმა, სლოვენიაში ვერტმფრენები გაგზავნა, გერმანიამ სამოქალაქო დაცვის ჯგუფები.