ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიას ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის დატოვება სურს


იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ამბობს, რომ იტალიის მთავრობის ოთხი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას, „იმპროვიზებული და სასტიკი“ გადაწყვეტილება იყო.

შეთანხმება ჩინეთთან იტალიის წინა მთავრობამ გააფორმა. ინიციატივის მიზანია აღდგეს "აბრეშუმის გზა", რომელიც ჩინეთსა და აზიას ევროპასთან დააკავშირებს.

იტალიის მოქმედი ხელისუფლება, შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს რადგან მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ინსტრუმენტებს გაზრდის.

„[ამ შეთანხმებამ] გაზარდა ჩინეთის ექსპორტი იტალიაში, თუმცა მას იგივე გავლენა არ ჰქონია ჩინეთში იტალიის ექსპორტზე", - თქვა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, იტალიურ გამოცემა „Corriere della Sera“ - სთან საუბრის დროს.

„დღეს საკითხი ასე დგას - როგორ გამოვიდეთ შეთანხმებიდან ისე, რომ პეკინთან ურთიერთობები არ დავაზიანოთ. რადგან, მართალია ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე არის პარტნიორი“, - ამბობს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს იტალიის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ მისი მთავრობა მუშაობს გეგმაზე, როგორ დატოვოს შეთანხმება. ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ის უახლოეს პერიოდში გეგმავს ვიზიტს პეკინში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, იტალია „გადაწყვეტილებას დეკემბრამდე მიიღებს“.

ვაშინგტონში ყოფნის დროს იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალიის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში ყოფნა „პარადოქსია“. მისი თქმით, იტალიას ჩინეთთან ურთიერთობების შენარჩუნება სურს, თუმცა ამისთვის მოქმედი შეთანხმება არ არის საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG