ბულგარეთის ახალი, პროდასავლური მთავრობა უკრაინის დახმარების თაობაზე მანამდე არსებულ პოლიტიკას ცვლის. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტმა კიევისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას დაუჭირა მხარი. ეს პირველი ასეთი პაკეტი იქნება, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ ბულგარეთი უკრაინას პირდაპირ გაუგზავნის.
სოფია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 100 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამ დრომდე, იარაღის პირდაპირ მიწოდებას წინა, შუალედური მთავრობები მკაცრად ეწინააღმდეგბოდნენ. ამას კი ანალიტიკოსები პრეზიდენტ რუმან რადვს უკავშირებდნენ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და ომში უკრაინას ადანაშაულებს. ამასთან, თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ახანგრძლივებს.
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას კენჭი პარასკევს უყარა და 148 ხმით 52-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება მიიღო.
"ეს აღჭურვილობა ბულგარეთისთვის აუცილებელი აღარაა, უკრაინისთვის კი შეიძლება სერიოზული დახმარება იყოს მაშინ, როცა ის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვის რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ", - ნათქვამია პარლამენტის გადაწყვეტილებაში.
ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც კიევს გადაეცემა, საბჭოთა წარმოებისაა და ისინი ბულგარეთს 80-იან წლებში გადაეცა. ბულგარეთი 2004 წლიდან ნატოს წევრია, თუმცა კვლავ ინარჩუნებს არაერთ საბჭოთა იარაღსა თუ ტექნიკას. ქვეყანაში კვლავ აწარმოებენ მათთვის დაბრძოლო მასალას.
პარლამენტმა უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოსაც მიიღო, თუმცა მისი მასშტაბის და კონკრეტული იარაღის თაობაზე პრეროგატივა აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუტოვა. ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში კი, წინა რამდენიმე ადმინისტრაციამ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. თუმცა ივნისში დანიშნული ახალი მთავრობა ახლა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას იწყებს, მათ შორის შეიარაღებითა და სათადარიგო ნაწილებით.
"ჩვენ უნდა მივცეთ ეს ჯავშანტრანსპორტიორები უკრაინას იმიტომ, რომ უკრაინელები ახლა არა მხოლოდ თავიანთი, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან". - თქვა კანონმდებელმა ივაილო მირჩევმა.
გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან სოციალისტური პარტია და მოსკოვის მხარდამჭერი ნაციონალისტები "აღორძინების პარტიიდან". პაკეტის წინააღმდეგ სწორედ მათ მისცეს ხმა. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბულგარეთი სამ/ვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას უნდა ცდილობდეს და არა სამხედრო დახმარების მიწოდებას.