რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ე.წ. "მარცვლეულის ინიციატივის" მოქმედების შეჩერების შემდეგ, ნებისმიერი გემი, რომელიც უკრაინის პორტებისა და საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს, სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად განიხილება.
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირების შეწყვეტასთან და საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის დახურვასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივლისის, მოსკოვის დროით, 00.00 საათიდან, შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი, სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად განიხილება“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ, „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, „შესაბამისად, ასეთი გემების [წარმომავლობის] ქვეყნები უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულებად განიხილებიან.“
ამავე განცხადებაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შავი ზღვის გარკვეული ზონები, ნაოსნობისთვის საშიშად გამოაცხადა.
„გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, საზღვაო ზონები, დროებით, სანაოსნოდ სახიფათოდ გამოცხადდა. დადგენილი წესით, გაიცა შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები მეზღვაურებისთვის, უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა, "მარცვლეულის ინიციატიცის" სახელით ცნობილ შეეთანხმებაში მონაწილეობა 17 ივლისს შეაჩერა. ეს არის შეთანხმება, რომელიც გასულ წელს, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ამ შეთანხმების თანახმად, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა, უსაფრთხო დერეფნებით შესაძლებელი გახდა. შეთანხმების მიზანი, გლობალური სურსათის კრიზისის შეჩერება და თავიდან არიდებაა.
რუსეთმა შეთანხმება ში მონაწილეობა, რომლის ვადაც რამდენჯერმე გახანგრძლივდა, სხვა მხარეების მიერ მისი პირობების შეუსროლებლობით ახსნა. კიევი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროსა და თურქეთის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელება, რუსეთის გარეშეც შესაძლებელია.