ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესასა და მიკოლაივზე


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, „მასობრივი რევანშის“ სახით, უკრაინის ორ საპორტო ქალაქში, სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა.

მოსკოვი, ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. თუმცა, ოფიციალურად კიევს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მისმა ძალებმა დარტყმები განახორციელა საპორტო ქალაქ ოდესაზე, სადაც უკრაინის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაა და ასევე მიკოლაივზე.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, ღამით, მასობრივი საპასუხო დარტყმა განახორციელა ზუსტი საზღვაო იარაღის გამოყენებით ობიექტებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, უეკიპაჟო ნავების გამოყენებით, ტერორისტული აქტები მზადდება“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა, ოდესასთან მდებარე გემთმშენებელ ქარხანას დაარტყა, სადაც ამგვარი კატარღები მზადდება. რუსეთი მიიჩნევს, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმისთვის სწორედ ისეთი საზღვაო დრონები გამოიყენეს, როგორიც ოდესის ქარხანაში მზადდება.

„გარდა ამისა, განადგურდა საცავი, სადაც უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო 70 000 ტონა საწვავი ინახებოდა“- ახადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ექვსი რუსული ფრთოსანი რაკეტა და ამასთან ერთად, რუსული ძალების მიერ გასროლილი 36 დრონიდან, 31 ჩამოაგდო. ძირითადად ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებში.

მიუხედავად იმისა, რომ კიევს ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვისთვის დასაწყისშივე ნათელი იყო, რომ თავდასხმის უკან სწორედ უკრაინის ძალები იდგა. თავდაცვის უწყებასთან ერთად, პესკოვიც ადასტურებს, რომ გასული ღამის განმავლობაში, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები, საპასუხო დარტყმა იყო.

რუსეთის თქმით, ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმას, გუშინ, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მცირე წლოვანი გოგონა კი დაშავდა. რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, ოჯახი დასასვენებლად მიემგზავრებოდა.

XS
SM
MD
LG