კრემლში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან "ფსევდო სპეციალისტების" მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შაბათ-კვირას ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების მიერ წამოწყებულმა, შემდეგ კი შეწყვეტილმა შეიარაღებულმა აჯანყებამ შეარყია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციები.
კრემლში პუტინზე ისაუბრეს, როგორც ლიდერზე, რომელიც 1999 წლიდან ხელმძღვანელობს ქვეყანას და რომელმაც შეძლო, რომ სიტუაციის შესაბამისად ემოქმედა და "ყველაზე უარესი სცენარი" თავიდან აეცილებინა, რაც მოლაპარაკებებისთვის დროის გამოყოფით და ამბოხების უსისხლოდ დასრულებით შეძლო.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ამბოხებამ აჩვენა როგორი კონსოლიდირებულია რუსული საზოგადოება ვლადიმირ პუტინის ირგვლივ.
"ერთიანობის დონე პრეზიდენტის ირგვლივ ძალიან მაღალია. ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად ერთიანია საზოგადოება პრეზიდენტის ირგვლივ",- თქვა პესკოვმა.
შეკითხვაზე, შეეცვალა თუ არა პოზიცია პუტინს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პესკოვმა უპასუხა: "არ ვეთანხმებით [ამ მოსაზრებას]. სპეციალისტებს, ფსევდო სპეციალისტებს, პოლიტმეცნიერებს და ფსევდო პოლიტმეცნიერებს შორის ულტრა-ემოციური ისტერიკაა. ეს ასევე ვრცელდება ზიგიერთ ისტერიკულ მედია საშუალებებში, ინტერნეტში და ა.შ თუმცა, ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან".
პესკოვმა თქვა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ახლა ევგენი პრიგოჟინი. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მიხედვით, პრიგოჟინს უფლება აქვს ბელარუსში გადავიდეს, ხოლო მის მებრძოლებს საშუალება ექნებათ კონტრაქტი გააფორმონ რუსეთის არმიასთან და იბრძოლონ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებების მიხედვით, ან მასთან ერთად წავიდნენ ბელარუსში.
კრემლში ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკება ძალაშია და რომ პუტინი მის სიტყვას ასრულებს.